მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" 7.73%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა

62de8e1b1ccd4
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.22 16:38
831
„ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის მიერ სახელმწიფოსთვის "ბორჯომის" 7.73%-იანი წილის გადაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აი დი ეს ბორჯომი საქართველოსა“ და მთავრობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხზე პირველი განცხადებებიდან 1.5 თვის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელისა და დამკვირვებლის პოსტებზე შესაბამისი კანდიდატურები ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეარჩია, თუმცა ლევან დავითაშვილი ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ასახელებს.

„ბორჯომთან დაკავშირებით ჩვენ იმ გეგმის მიხედვით მივდივართ, რომელიც საზოგადოებას გავაცანით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სახელმწიფო ნიშნავს. მთავრობამ უკვე შეითანხმა კანდიდატები, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ შეარჩია. ეს არის დირექტორის და დამკვირვებლის კანდიდატურა; უახლოეს დღეებში სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება მოხდება და საზოგადოებისთვის ეს ღია და საჯარო იქნება.

ეს იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, მისი შერჩევისას გადაწყვეტილება კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად ვიღებთ და არა სამოხელეო ან პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები