მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანეთიდან შემოტანილი “კრესტორი” ₾84 ღირს, თურქეთიდან იმპორტირებული - 7.15 ლარი"

62275cb3b9991
ნინი ლონგურაშვილი
09.03.22 00:05
10212

საქართველოში თურქეთში წარმოებული წამლები უკვე იყიდება. როგორც 7 მარტს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, თურქეთიდან წამლების შემოტანამ მედიკამენტებზე ფასი ზოგიერთ შემთხვევაში 80%-მდეც კი შეამცირა. “მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და აფთიაქებში იყიდება. ასევე, მინდა მოქალაქეებს რამდენიმე მაგალითი მოვუყვანო: დღეს ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი მანამდე თუ 220 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 48 ლარია. უმეტეს შემთხვევაში, 60-80%-ით არის შემცირებული ფასი მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები", - თქვა პრემიერმა. 

რამდენი დასახელების და რომელი მედიკამენტები შემოვიდა უკვე თურქეთიდან საქართველოში და რომელ აფთიაქებში იყიდება გაიაფებული წამლები - ამ კითხვით BMG-მ სააფთიაქო ქსელებს მიმართა. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროსგან "იაფი მედიკამენტების" სრულს სიას ველოდებით.

“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე ფასის კლება შეეხო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკემენტებს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი მედიკამენტი “კრესტორი” (CRESTOR) 84 ლარი ღირს, თურქეთიდან იმპორტირებულის ფასი კი დღეს 7 ლარს და 15 თეთრია.

"თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალში, დაახლოებით, 30-მდე სახეობაა; ფასის კლება ძირითადად შაქრის დამწევ პრეპარატებს, წნევის და ანტიარითმიულ, ასევე ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებს შეეხო. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში ფასის კლება, დაახლოებით, 70%-ია", - აცხადებს BMG-სთან “ფარმადეპოს” პასუხისმგებელი ფარმაცევტი.

როგორც "ფარმადეპოში", ისე PSP-ში ამბობენ, რომ თურქეთდან იმპორტირებული მედიკამენტები საქართველოს მასშტაბით, მათ ყველა აფთიაქშია ხელმისაწვდომი.

ამასთან, PSP-ს ცნობით, ამ დროისთვის, თურქეთიდან იმპორტირებული 20-მდე დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტი აქვთ ქსელში, თუმცა ფასების კლება სულ 200 სახეობის მედიკამენტზეა მოსალოდნელი.

"დადგენილებაში ცვლილების შეტანის დღიდან PSP აფთიაქმა დაიწყო მოლაპარაკებები როგორც თურქ მწარმოებლებთან, ასევე დისტრიბუტორებთან და თურქული მედიკამენტების ადგილობრივ მწარმოებლებთან. შესაბამისად, PSP აფთიაქების ქსელშიც უკვე გამოჩნდა თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი მედიკამენტები. დაახლოებით, 2 კვირაა რაც ჩვენს ქსელებში გამოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი “ქსარელტო” (Xarelto),  რომელიც ფასდაკლების დღეებში 139 ლარი ღირდა და დღეს თურქული წამორების ეს გერმანული მედიკამენტი 55 ლარი ღირს. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ზუსტად ის ფასია, რაც თურქეთის აფთიაქებში ღირს“, - აცხადებს ნათია ხაბეიშვილი, PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები