მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიუსელში პრემიერს სთხოვეს" - "ოცნება" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე არ მიიღებს

6492e4e1e64e5
გიგა ბენია
21.06.23 15:52
963
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს“ მმართველი გუნდი დეკემბრამდე არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს სთხოვეს, რომ კანონი არ მიეღოთ.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მომსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ბრიუსელში ვიზიტი, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს ამ ეტაპზე კანონი მესამე მოსმენით მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.

„ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი [12 რეკომენდაციიდან], რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დეოლიგარქიზაცია 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა კანონპროექტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები