რძის გადამმუშავებელ საწარმო “ვიტა პროდუქტს” ჩასაბარებელი რძის ფასი 20%-ით გაეზარდა.
როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა გოგა გიორგაძემ განუცხადა, სექტორში არსებულ პრობლემებს შორის რძის გაძვირება, დაბალი ხარისხი და შემცირებული წარმოებაა.
მისივე თქმით, ნედლეულზე ფასის ზრდა საბოლოოდ სარეალიზაციო პროდუქტზე ფასთა მატებას იწვევს, შესაბამისად შემცირებულია რეალიზაციაც.
“ჩასაბარებელი რძის ფასი 20%-ით გაგვეზარდა. ამასთან, არც ხარისხია მაღალი. წარმოებაც შემცირებულია. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, გასაყიდ პროდუქტზე ფასის მატებას იწვევს, ამის გამო რეალიზაციაც გართულდა. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაიზარდა ყველის, განსაკუთრებით კი სულგუნის ღირებულება”, - ამბობს “ვიტა პროდუქტის” დირექტორი.
ინფორმაციისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე რძის გადამმუშავებელი საწარმო ნედლეულს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს, სამომავლოდ კი კომპანია საკუთარი ფერმის მოწყობასაც გეგმავს.
“ვიტა პროდუქტი”, რომელიც დღიურად 20 ტონა რძეს გადაამუშავებს, ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს "გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - $178 712 ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და $223 390 ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმო ამ დროისთვის 12 ადამიანს ასაქმებს.




























