მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა თორმეტამდე გავზარდეთ” - “კამპა”

კამპას წვენები

ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც bm.ge-სთან კომპანიის ექსპორტის მენეჯერი აღნიშნავს, გასულ წელს თუ კომპანია რვა ქვეყანაში პოზიციონირებდა, 2023 წელს საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა.

გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ დოლარის კურსის შემცირების გამო, მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, გასულ წელთან შედარებით, კომპანიის ბრუნვა ნაკლებია.

„დავიმატეთ ახალი საექსპორტო მიმართულებები. ესენია: იაპონია, ყაზახეთი, ფილიპინები, დუბაი. მოცულობები გავზარდეთ ისრაელსა და საუდის არაბეთში. ამ მიმართულებით ზრდის მიუხედავად, დოლარის კურსის შემცირების გამო, კომპანიის ბრუნვა გასულ წელთან შედარებით, ნაკლებია.

რაც შეეხება საექსპორტო რაოდენობებს, თითქმის გასული წლის ანალოგიურია, რადგან ფასების გაძვირება მოგვიწია, რის გამოც რამდენიმე მომხმარებელი დავკარგეთ.

შეჯამებისთვის, გასულ წელს რვა ქვეყანაში გავდიოდით, წელს „კამპა“ თორმეტ ქვეყანაში იყიდება“ - ამბობს „კამპას“ ექსპორტის მენეჯერი.

გიორგი ლომთაძე კომპანიისთვის საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების წილზე საუბრობს. ის განმარტავს, რომ დაახლოებით 12 მილიონი ლიტრი წვენი ადგილობრივ ბაზარზე, 4 მილიონი ლიტრი კი საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება.

„მიმდინარე წლის მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების 70% იყიდება, 30% კი ექსპორტზე გადის. ეს ამ დროის მონაცემებია, რაც წლის ბოლოს შესაძლოა შეიცვალოს“ - განმარტავს ის.

ინფორმაციისთვის: 2023 წლის პირველ რვა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტის ღირებულება 33.3%-ით, მოცულობა კი 29%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $10 397 650 ღირებულების, 8 245 ტონა პროდუქტი გავიდა. მაშინ, როცა 2022 წლის რვა თვეში ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების საექსპორტო ღირებულებამ $7 798 890, მოცულობამ კი 6 346 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზე ღირებულების მიხედვით რუსეთია. რუსეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. ამ მიმართულებით საქართველოდან 3 მილიონ 343 ათასი დოლარის, 2 961 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მთლიან ექსპორტში 32%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები