მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო, საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით კონკურენტულები ვიქნებოდით“ - "კამპა"

644567debb3ed
ლიკა მეგუთნიშვილი
23.04.23 23:20
1010
ნატურალური წვენების ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წელი საექსპორტო თვალსაზრისით, წინა წელთან შედარებით, ნამდვილად წარმატებული იყო და კომპანიების ნაწილმა, როგორც პროდუქციის რეალიზაციის, ასევე მისგან მიღებული შემოსავალიც გაზარდეს.

თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებისა, როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქციის ექსპორტი არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული და ჯერ-ჯერობით საქართველო საერთაშორისო ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს სათანადო კონკურენციას ვერ უწევს.

კომპანია „აუგუსტი“-ს წარმომადგენლის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საექსპორტო ბაზრებისთვის დაბალი ფასის შეთავაზებაა საჭირო, რაც ლოგისტიკური ხარჯების ზრდისა და ნედლეულის გაძვირების გამო ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

მისი აზრით, სატრანსპორტო ხარჯების დაზოგვისა და პროდუქციის ღირებულების შემცირებისთვის აუცილებელია, ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტი არსებობდეს და ამასთან, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს.

„იმისათვის, რომ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს კონკურენცია გავუწიოთ, საჭიროა ჩვენს წვენებს რაც შეიძლება დაბალი თვითღირებულება ჰქონდეს. ჩვენს პირობებში კი, ეს ძალიან რთულია, რადგან შესაფუთი მასალები ძალიან გაძვირდა.

ინდუსტრიას უპირველესად სჭირდება პორტი და ასევე ადგილობრივი წარმოებები, თუნდაც დამხმარე საშუალებების, იქნება ეს ეტიკეტები და სხვა. ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, რომ მხოლოდ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებულები“, - აცხადებს „აუგუსტი“-ის CEO, სალომე ალანია.

ინდუსტრიის განვითარებისა და საექსპორტო მაჩვენებლის ზრდისთვის პორტის აუცილებლობაზე საუბრობს ასევე „კამპა“-ს ექსპორტის მენეჯერი, გიორგი ლომთაძეც.

„საქართველოდან გასული გემები ან თურქეთის პორტებში ხელახლა უნდა გადაიტვირთოს, ან - საბერძნეთის პორტებში. ეს კი, ერთი მხრივ, დროში აჭიანურებს მიწოდებას, ხოლო მეორე მხრივ, აძვირებს მომსახურებას. მაგალითად, ანაკლიის პორტის პროექტი რომ განხორციელებულიყო, საერთაშორისო ბაზარზე დღეს გაცილებით უფრო კონკურენტულები ვიქნებოდით.

რკინიგზის განვითარება კი, ძალიან დაგვეხმარება, რომ აზიურ ბაზრებზე მეტად კონკურენტულები გავხდეთ“, - განაცხადა „კამპა“-ს ექსპორტის მენეჯერმა, გიორგი ლომთაძემ.

ცნობისთვის: 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოდან 5.153 მილიონი დოლარის ღირებულების 4 347 ტონა წვენის ექსპორტი განხორციელდა. 
პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 77%-ით აღემატება, ხოლო მოცულობა ასევე 77%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები