მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭავჭავაძე მაგალითია, როგორ მოეწყოს ინფრასტრუქტურა, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა"

5f257b455e940
BM.GE
01.08.20 18:20
3775
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძე ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემის ცვლილებას და დღეს გამზირზე წარმოქმნილ საცობებს ეხმაურება.

ხმალაძის თქმით, მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,“- აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

„ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები