მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს კონკურენციას ვერავინ გაუწევს" - პაატა ტრაპაიძე

5fd2351436e09
ინგა მურუსიძე
10.12.20 19:24
1958
"მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - ეს განცხადება პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პოლონელი დიპლომატის განცხადების კომენტირება bm.ge-მ საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს სთხოვა, სადაც განმარტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციის და ფასის ნაწილში. თავის მხრივ, პროექტებში ქართული კომპანიების მცირე ჩართულობაზე წუხს ადგილობრივი ბიზნესის ნაწილიც.

ამ თემაზე „საქმის კურსის“ ეთერში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ ისაუბრა.

“არაფერი კავშირი აქვს საკითხს ჩინელობასთან. დღეს ტენდერებში მონაწილეობს ძირითადად 7 ჩინური კომპანია და ისინი ძირითადად არის სახელმწიფო კომპანიები. მე მაქვს კითხვა - რომელი კომერციული კომპანია გაუწევს კონკურენციას სახელმწიფო კომპანიას?! ეს არის აბსურდი. დიახ, ეს ევროკავშირის ფულია, თუმცა ეს ფული ჩვენი გადასახდელია. ყველა ვზარალდებით“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ტენდერებში სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობა უნდა აიკრძალოს და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ქართულ კომპანიებს, არამედ - ყველას.

„ქართულ სახელმწიფო კომპანიებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში და სხვა ქვეყნების სახელმწიფო კომპანიებს რატომ აქვთ?! ეს არის გაუმჭვირვალე ტენდერების შედეგი, რადგან ვერც ერთი ქართული თუ ევროპული კომპანია ჩინურ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევს. გამოსავალი ალბათ ერთია - ყველა სახელმწიფო კომპანიას აეკრძალოს ტენდერებში მონაწილეობა. არც ერთი ჩინური კომერციული კომპანია არ მონაწილეობს ტენდერებში. თუ ერთი მხარისთვის არის რაიმე შეღავათი, მაშინ მეორე მხარისთვისაც იგივე უნდა იყოს და ეს უნდა ეხებოდეს შეზღუდვებსაც“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები