მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭრელმა აბანომ“ "ლოქდაუნების" გამო $1 მლნ-მდე ზარალი მიიღო - მიზეზები

61c1c0e77f760
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.21 16:47
2125
პანდემიის პერიოდში, "ლოქდაუნების" პირობებში, "ჭრელმა აბანომ" 1 მლნ დოლარამდე ზარალი მიიღო. ეს ინფორმაცია „ჭრელი აბანოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაბა მამაცაშვილმა BM.GE-ს, აბანოს დატვირთვის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრისას გაუზიარა.

მისი თქმით, დღეისთვის "ჭრელი აბანო" 25-30%-იანი დატვირთვით მუშაობს, მაშინ როდესაც პანდემიამდე, ამ სეზონზე სტუმრების ნაწილის მომსახურებას, მაღალი დატვირთვის გამო ვერ ახერხებდნენ. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ჭრელი აბანო“ აქცენტს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მომხმარებელზე აკეთებს, თუმცა დღეს მდგომარეობა ორივე მიმართულებით სავალალოა.

„ადგილობრივების მხრიდან "ჭრელ აბანოებზე" მოთხოვნის კლების მიზეზი covid-პასპორტებია, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს დოკუმენტი არ აქვს და ჩვენი მომსახურების მიღებისგან თავს იკავებენ. შედეგად ქართველი მომხმარებლის რიცხვი რადიკალურად შემცირებულია. ამ პირობებში მუშაობა ძალიან გვიჭირს.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ბოლო პერიოდში ტურისტულმა ნაკადებმა მნიშვნელოვნად იკლო. გვესმის, რომ პანდემიაა მსოფლიოში და რა თქმა უნდა ეს ფაქტორი მოქმედებს, თუმცა აქტივობის შემცირების მიზეზებს მთავრობის მიერ არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებშიც ვხედავთ. მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან დიდი შეკვეთები გვქონდა, დღეს კი შეკვეთები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან არ ვიცით როდის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს ტურისტულ კომპანიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას უშლის ხელს. ამის გამო ძალიან ბევრი პარტნიორი დავკარგეთ, მაშინ როდესაც ისინი 200-300-კაციან ჯგუფებს გვიგზავნიდნენ ხოლმე.

ადრე თუ გვიან მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიღებს covid-პასპორტებს და იმედი გვაქვს, ქვეყნის შიგნით აქტივობა გაიზრდება, თუმცა ეს არაპროგნოზირებადი გარემო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ გვაძლევს. ყოველდღიური ცხოვრებით ვოპერირებთ, მოკლევადიანი გეგმებით, რაც ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ისახება. ასეთი ცუდი დატვირთვა, თუნდაც როგორიც დღეს გვქონდა, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არ გვქონია. მიმდინარე წლის ზაფხულიც არ იყო სახარბიელო. ეს შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ გასულ წლებში საქართველოს მთავრობა მარკეტინგულ ბაზრებზე ქვეყნის პოპულარიზაციას ახდენდა. მაშინ მთელი დეკემბერი დაჯავშნილი იყო და სტუმრებს ვეღარ ვემსახურებოდით. დღეს კი თუ კოვიდმა ჩვენი დატვირთვა 30-40%-ით შეამცირა, დანარჩენი 30-40%-ის შემცირებას სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს უნდა ვუმადლოდეთ“, - განმარტავს ჯაბა მამაცაშვილი.

„ჭრელი აბანოს“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ტურისტული ობიექტი და ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთავრობის მიერ დაანონსებულ არც ერთი მხარდაჭერის პაკეტის ბენეფიციარი არ ყოფილა.

„ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა. პანდემიის პერიოდში დასაქმებულებს მაქსიმალურად ვინახავდით, ვიხდიდით ქონების გადასახადს და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გაჩერებული ვიყავით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის გადასახადსაც ვიხდიდით. დღეისთვის ამ ნაწილში სოლიდური დავალიანება დაგვიგროვდა.

გაზაფხულიდან, რაც "ლოქდაუნი" მოიხსნა, გავიხსნებით და ზამთრის სეზონისთვის, მით უფრო ახალი წლისთვის, რამეთუ ამ პერიოდში ჩვენთან დიდი აქტივობაა ხოლმე, დიდ დატვირთვას ველოდით. ვფიქრობდით, ისეთ შედეგებს დავდებდით, რომ 2022 წლიდან ახალ ფურცელს გადავშლიდით. რეალობა კი სულ სხვაა. ზარალი საკმაოდ სოლიდურია. მომავალი წელი დაგვჭირდება, რათა დღეს არსებული 0.5-დან 1 მლნ დოლარამდე მიღებული ზარალი გავანულოთ. ვთვლით, რომ იყო საშუალებები, ჩვენ ეს ზარალი არ გვენახა. თუ მთავრობამ ტურიზმის დარგის ნაწილს, მაგალითად, სასტუმროებს ქონების გადასახადი შეღავათი გაუკეთა, ჩვენ შეღავათების არცერთ კატეგორიაში არ მოვხვდით და კოლოსალურად დავზარალდით“, - აღნიშნა ჯაბა მამაცაშვილმა და დასძინა, რომ პანდემიამდე „ჭრელი აბანო“ 100-მდე სამუშაო ადგილს ქმნიდა, დღეს არსებული დატვირთვის გათვალისწინებით კი, აბანო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები