მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში, რათა დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა" - კალაძე

60f70107736af
თამთა ჯიჯავაძე
20.07.21 20:55
524
ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში. გადაწყვეტილი გვქონდა ათწლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისი კანდიდატურის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გვინდოდა, ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა თბილისში. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები - მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული - მომავლის თბილისზე გათვლილი.

იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის მერე, ცდილობ გარკვეულ სისტემაში მოაქციო სხვადასხვა სექტორები დედაქალაქში, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის.

როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა.

ჩემო მეგობრებო, ასე შეიქმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა და ყველა მიმართულებით ახალი, არსებითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევდა. ამ პროგრამით, ჩვენ შევძელით ქაოსური განაშენიანების შეჩერება, მივიღეთ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, აღვკვეთეთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამახინჯებდა ჩვენს ქალაქს და შეუძლებელს ხდიდა მთელ რიგ უბნებში გადაადგილებას. ამავდროულად, ჩვენ პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები და გავაკეთეთ ბევრი ისეთი საქმე, რაც თავიდან, თითქოს წარმოუდგენელიც კი გვეგონა.

დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და თანამედროვე ქალაქი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ და ეს, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით!

ცხადია, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი, ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასდროს ვიქნები, სანამ სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება", - განაცხადა კალაძემ.

"ოცნებამ" კალაძე მერობის კანდიდატად ცოტა ხნის წინ მთაწმინდაზე გამართულ ცერემონიალზე ოფიციალურად წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები