მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი სურვილია, ეკონომიკა ისე განვითარდეს, ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეეძლოს" - “არია”

6371e71cd19fc
ლიკა გურაბანიძე
14.11.22 23:20
757
100%-ით ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების საწარმო “არიამ” საქმიანობა წლების წინ თხის ფერმით დაიწყო. კომპანია ამჟამად რძის გადამამუშავებელ საწარმოს და თხის ფერმას სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში ფლობს, რომელიც 60 ჰექტარ მიწის ფართობზეა განლაგებული. იგი თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ფუნქციონირებს. რძის გადამამუშავებელ საწარმოში თხების მოწველა, მსოფლიო ლიდერი შვედური კომპანია DeLaval-ის საწველი ხაზით ხდება.

როგორც bm.ge-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თათა ქურხაშვილმა განუმარტა, ქართულ ბაზარს ნატურალური რძის პროდუქციის მიწოდება სჭირდება და ამის მოთხოვნილებაც არსებობს.

“ჩვენი დიდი სურვილია, ისეთი ცხოვრების დონე იყოს საქართველოში და ეკონომიკაც ისე განვითარდეს ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეეძლოს", - განაცხადა რძისა და რძის პროდუქტების საწარმოს კომერციულმა დირექტორმა თათა ქურხაშვილმა.

მისივე თქმით, "არია" ნიშ ბრენდია და პროდუქცია უფრო მეტად საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. 

"“არია" სტრუქტურულად დასრულებულ კომპოზიციას ნიშნავს. ჩვენი მიზანი იყო, ჩვენი ბრენდი რძის პროდუქტების ინდუსტრიაში მაგალითი ყოფილიყო და მომხმარებლისთვის ნამდვილად ჯანსაღი, სრულყოფილი პროდუქცია შეგვეთავაზებინა. ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი იდეაც ეს იყო, რომ გვეკეთებინა საქმე, რომელიც ბიზნესიც იქნებოდა და ამასთან ერთად თითოეულ  მომხმარებელს სარგებელს მოუტანდა", - განმარტა მან.




“არიას” ბრენდი ბაზარზე ერთი წლის წინ 19 დეკემბერს შემოვიდა. ქართველი, ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ იქნა ძროხის, თხისა და კამეჩის რძის პროდუქტის  50-მდე სახეობა, რომელიც მხოლოდ ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება, არანაირ დანამატსა და კონსერვანტს არ შეიცავს და შესაბამისად 100% ნატურალურია. კომპანია ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, ირაკლი აბაშიძის 56-ში და "ბათუმი მოლის" შენობაში ფლობს. ასევე აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთან. კომპანია სამომავლოდ ქსელის გაფართოვებას გეგმავს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები