მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცის გახსნა" რუსებისთვის პოზიტიური მესიჯი იყო - მამუკა ბერძენიშვილი

64b5833e8bd53
მარიამ ვარადაშვილი
17.07.23 22:00
642
დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე.

პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილს 397 116 ვიზიტით სომხეთი იკავებს, ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან 162 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66%-იანი ზრდაა, თუმცა პანდემიამდე [2019 წელი] მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

"შინდისის" მმართველი პარტნიორი მამუკა ბერძენიშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირიდან ვიზიტორების აღდგენის მაჩვენებელზე ორი კვარტლის შედეგების მიხედვით საუბარი რთულია, რადგან ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ძირითადად ივლის-აგვისტოში ჩამოდიან.

“ტურისტების დემოგრაფია ფაქტობრივად იგივეა, რაც 2019 წელს იყო. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებშია. თუ მანამდე საშუალოდ 20-25%-მდე გვყვავდა ტურისტები ევროპიდან, დღეს მათი წილი 6-7%-მდეა. ვგულისხმობ, არსებული სტატისტიკას, თუმცა ალბათ უნდა დაველოდოთ წლის ბოლომდე და მერე უნდა შევაფასოთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტების წილი. ჩემი აზრით, აგვისტო უფრო დატვირთული იქნება და ამიტომ ამ პერიოდის სტატისტიკას უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე ჩვენი მეზობლები კვლავაც აქტიურობენ. ვიმეორებ, მინიმუმ მესამე კვარტლის მონაცემები უნდა ვნახოთ იმისთვის, რომ ტურიზმის რეალურ აღდგენაზე ვისაუბროთ. ახლა რასაც ვხედავთ ორი კვარტლის სტატისტიკაში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დემოგრაფიისა და წილების თვალსაზრისით დიდი ცვლილება არ გვაქვს",-ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის მაისში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა პოზიტიური სიგნალი იყო. ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ორი რუსული და ერთი ქართული ავიაკომპანია დაფრინავს. 

“საზღვაო სეზონის დასრულებამდე რუსეთის მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ალბათ ტურისტული მიზნით შემოსული იქნება, ხოლო დანარჩენი ვინც მანამდე ან შემდგომ პერიოდში ჩამოვა, დიდი ალბათობით უნდა მივაკუთვნოთ მათ რიცხვს, რომლებიც თავს აღწევენ რუსეთში არსებულ მდგომარეობას. “ცის გახსნით” შესაძლოა რუსეთიდან ჩამომსვლელთა ნაკადებში დიდი ცვლილება არ იყოს, მაგრამ რუსებისთვის ეს პოზიტიური მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ. ამასთან, ეს დაემთხვა ტურისტულ სეზონსაც. ის ნაკადი, რომელიც ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იქნება შეიძლება ტურისტებად ჩავთვალოთ, ხოლო მას შემდეგ ჩამოსულები ალბათ უფრო დიდხანს დარჩებიან საქართველოში",-ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები