მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"1-2 ზოგადი რიცხვი დეტალებს არ იძლევა" - მამუკა ბერძენიშვილის 4 კითხვა ტურიზმზე ეკონომიკის სამინისტროს

ლევან დავითაშვილი

ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის კონსულტანტი მამუკა ბერძენიშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რეალურად, თბილისის ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდა და არა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, რაც მენეჯმენტის გამოწვევებზე მიუთითებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"რეალურად ეროვნული ადმინისტრაცია თბილისის ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდა და არა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, აქედანაც ნაწილობრივ ჩანს მენეჯმენტის გამოწვევები", - წერს ტურიზმის კონსულტანტი.

მამუკა ბერძენიშვილი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მისამართით რამდენიმე კითხვას სვამს, რომლებსაც კომენტარის სახით, თავადვე პასუხობს. ის წერს, რომ ტურიზმში ერთი-ორი მონაცემი რეალურად სურათის აღქმის საშუალებას არ იძლევა.

"ტურიზმი მეტი არაფერია თუ არა ციფრები" - მარიამ ქვრივიშვილი სექტორს პასუხობს

"რა მოხდა 2 დღის უკან, როცა ტურიზმის ინდუსტრია შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია-ს და შემდეგ სატელევიზიო ეთერით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოადგილემ მიმართა ინდუსტრიას:

პირველ რიგში, როცა ციფრებზე ვსაუბრობთ მთავარი არის მეთოდოლოგია და ცალკეული ინდიკატორები, რომელიც საერთო სურათს ქმნის (1-2 ზოგადი ციფრი დეტალებს არ იძლევა, 5 მილიონი ტურისტი და 4.4 მილიარდი შემოსავალი ტურიზმიდან შეიძლება შეცდომაში შემყვანი ციფრები იყვნენ). კითხვები/კომენტარები ასე გამოიყურება:

1) რა მეთოდით ითვლება შემოსავლები (ვიცით, რომ თვლის ეროვნული ბანკი, ნაწილი აქედან არის საერთაშორისო ბარათებით შემოსავლები)? - მეთოდოლოგიის გასაჯაროება და მისი განხილვა საჯაროდ, ნათელს მოჰფენდა ბევრ საკითხს და გააქარწყლებდა ბევრ არგუმენტს (მეთოდოლოგია პროფესიონალთა ვიწრო წრეში ცნობილია, თუმცა ძირითადად მის შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორს არ აქვს, როგორც ჩანს).

2) როგორია სასტუმროების საშუალო დატვირთულობა, საშუალო ყოველდღიური ფასი (ADR) და შემოსავალი თითოეულ ოთახზე (RevPAR) სასტუმროს ზომების/კატეგორიების, ქალაქების და რეგიონების მიხედვით და მათი შედარება წლების/სეზონების ჭრილში? - ეს გასაგებს გახდიდა როგორი კატეგორიის ტურისტი ჩამოდის კონკრეტულ ქალაქებში/რეგიონებში და მაგალითად რატომ დაიხურა თბილისში 9 სასტუმრო და პირობითად იგივე არ ხდება ბათუმში. ამით გამოჩნდებოდა ის თუ რამდენად სწორ აქცენტს ვაკეთებთ მარკეტინგული კამპანიებისას და რეალურად ჩამოგვყავს ტურისტი იმიტომ რომ უბრალოდ ჩამოვიყვანოთ თუ ჩამოგვყავს ის, ვინც ჩვენ გვჭირდება ანუ ხარისხია ჩვენი მიზანი თუ რაოდენობა? შესაბამისად, მაგალითისთვის, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფრენების სიხშირე იზრდება, თუმცა შეიძლება მას მოჰყვება ისეთი ნაკადი, რომელიც იმ დახურულ 9 სასტუმრომდე არც მიდის, შესაბამისად, ეს ნათელს გახდიდა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაციასაც.

3) როგორია ტურისტების რაოდენობის სურათი და საშუალო დანახარჯი ეროვნულ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე სეზონურად? - ეს გამოააშკარავებდა სურათს იმისა თუ როგორ ნაწილდება ტურისტული ნაკადები , ხდება თუ არა მიზანმიმართული მართვა ნაკადებისა თუ ის სტიქიურია ანუ როგორ ნაწილდება ტურიზმის დოვლათი. ეს ასევე აჩვენებდა სიტუაციას ტურიზმის დეცენტრალიზაციის დონისა და იმას თუ როგორ ხედავს ცენტრალური ხელისუფლება რეგიონების საჭიროებას ტურიზმის მენეჯმენტისა. რეალურად ეროვნული ადმინისტრაცია თბილისის ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდა და არა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, აქედანაც ნაწილობრივ ჩანს მენეჯმენტის გამოწვევები. აქ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნებოდა ტურიზმის მოსაკრებლის შემოტანა და DMO-ისთვის რეალური ფუნქციების მინიჭება.

4) როგორია პროფესიონალური კადრების მიწოდების რაოდენობა და ხარისხის ეროვნულ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე? - ამ საკითხზე ნათელის მოფენა, გასცემდა პასუხს პროდუქტის ფასის გაძვირების თუ მომსახურების ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ბევრი ინდიკატორის/კითხვის დამატება შეიძლება, ასეთი დეტალური განხილვა მოგვცემდა მეტ ინფორმაციას და სიტუაციის მართვის შესაძლებლობას და სურვილს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს. ასეთი წინაპირობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება საქმიანად ვისაუბროთ ტურიზმის მომავალზე, თანაც არსებულ სიტუაციაში, პოლიტიკური კრიზისისას, რომლის ლოგიკური შემდეგი ეტაპია ეკონომიკური კრიზისი, რასაც თავიდან ავიცილებთ თუ რეალურ დიალოგს, სურათის მსგავსი დეტალური ანალიზით, დაამყარებს სახელმწიფო კერძო სექტორთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები