ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარი განაპირობებს დეფიციტს, - ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია წერს და ბაზარზე გარკვეულ მედიკამენტებზე წარმოქმნილი დეფიციტის მიზეზებს აფასებს.
„ფარმაცევტულ პროდუქტებზე რეფერენტული ფასების ანუ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ქვეყანა აღფრთოვანებით შეხვდა. ახლა მთელი ქვეყანა ფარმაცევტულ კომპანიებს აგინებს დეფიციტის შექმნისთვის იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ვრცელდება. იფიქრეთ, ცოტა მეტი იფიქრეთ. ფასის ზედა ზღვარი მიზეზია, დეფიციტი - შედეგი“, - წერს ეკონომისტი.
საქმე ის არის, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. „რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია“, - აცხადებს რეგულირების სააგენტო.
თავის მხრივ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სექტორის რეპუტაციის შემლახველი უწოდა და აღნიშნა, რომ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების გამოვლენის შესახებ, ინფორმაცია სააგენტომ გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, რეფერენტული ფასების დაწესებით მომხმარებლისთვის ფასი შედარებით ხელმისაწვდომი გახდა და მეტ ადამიანს სურს შესყიდვა, თუმცა, მწარმოებლისთვის ფასი ნაკლებად მიმზიდველია და სურს ნაკლების გაყიდვა. შედეგი კი დეფიციტია.
„თუ ეს "ლეველი" გადავლახეთ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. უახლოეს მომავალში ხომ არ ველოდოთ ამ მედიკამენტებს სადმე ჩრდილოვან ბაზარზე იმაზე ბევრად მაღალ ფასად გამოჩენას, ვიდრე ისინი რეფერენტული ფასის დაწესებამდე იყიდებოდა? რა თქმა უნდა, დამნაშავეები აქაც ფარმაცევტული კომპანიები გახდებიან იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოვან ბაზარს ვიღაც აუცილებლად "დაკრიშავს" და სოლიდურ წილსაც წაიღებს. საერთოდ რატომ ხდება, რომ ვინმე პირობით კახას და გიას შეუძლია, ხოლო სხვა დანარჩენებისთვის აკრძალულია ფარმაცევტული ბიზნესის წარმოება? პირობითად, თუ სადმე მედიკამენტი 70%-იანი ფასნამატით იყიდება, მომეცით ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის უფლება, რომ 10%-იანი ფასნამატით მოგყიდოთ. ვინ ქმნის ბაზარზე შესვლის ბარიერს და რატომ? ეს უკვე კრონიკაპიტალიზმის შემთხვევაა“, - მიიჩნევს აკაკი ცომაია.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავს. პირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წამლების ჩამონათვალი მოგვიანებით გაფართოვდა და დღეს უკვე ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებდა, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების გამო, მედიკამენტების დეფიციტის საშიშროება არ იყო. ბიზნესის მხრიდან ამის მცდელობის შემთხვევაში კი, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნებოდა.