"ყველა დამსაქმებელს ვთხოვთ, სანამ თქვენი ორსული თანამშრომელი აცრას არ გაიკეთებს, იქნებ ხელი შეუწყოთ, სამსახური შეუნარჩუნოთ, დისტანციურად მუშაობა შესთავაზოთ!", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ-ინფექციით უკვე 10-ზე მეტი ორსული პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ბოლო შემთხვევა ბოლო 24 საათში დაფიქსირდა.
კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ორსულებია, ამიტომაც ის ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„გარდა იმისა, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ასევე დედისგან ანტისხეულები გადადის ბავშვის ორგანიზმშიც, რაც ერთი ვაქცინაციით ორი ადამიანის სიცოცხლის დაცვას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ წლამდე ასაკის ბავშვებიც მაღალი რისკის პაციენტებად ითვლებიან. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ იმუნიზაციის დაუყოვნებლივ ჩატარებისკენ, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, ასევე მეძუძურობის დროსაც. განსაკუთრებით „ფაიზერზეა“ ნებადართულობა. თვითონ ვაქცინა არ ექსკრეტირდება დედის რძეში, მაგრამ ანტისხეულები გადადის და 10-14 დღეში ბავშვის დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელსაც imedinews.ge ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად ორსულების იმუნიზაცია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.




























