მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დარგთან უნდა დავიწყოთ დიალოგი" - პრემიერმა ფარმასექტორზე კონკურენციის სააგენტოს დასკვნა მოისმინა

618a571e31bce
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 15:22
743
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის თაობაზე კონკურენციის სააგენტოს უფროსს, ირაკლი ლექვინაძეს შეხვდა. დოკუმენტი, ჯერჯერობით, საჯარო არაა, თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საკითხზე სააფთიაქო სექტორთან შეხვედრები გაიმართება. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე კი სექტორში კონკურენციის ზრდის და "ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასების და მისი განეიტრალების" შესახებ საუბრობს. 

„მე გავეცანი ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს, რომელიც თქვენ მოამზადეთ. ნამდვილად საინტერესოა თქვენი ანგარიში, ამიტომ დავიწყოთ მუშაობა. მე მინდა აღნიშნული საკითხი გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ლექვნინაძის თქმით, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ის ძირითადი მიგნებები და ჩვენი შუალედური ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდის ანგარიშს და შესაბამისად, ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზეა წარმოდგენილი რეკომენდაციების ის პაკეტი, რომელიც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, ეს გულისხმობს ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასებას და მათ განეიტრალებას, იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს მომხმარებლისთვის და მეტი ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს მომხმარებელს, რათა საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება.

მეორე მიმართულება ჩვენი რეკომენდაციებისა, ეს არის სისტემური საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს, პირველ რიგში, ჩვენი შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანი გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული შუალედური დასკვნა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და წარმოვადგინოთ ის რეკომენდაციის პაკეტი, რაც საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ მეტად კონკურენტულუნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები