მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძარცვავდნენ მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს, რაც დასანანია"- თავდაცვის მინისტრი BBC-ის გამოძიებაზე

643d1b2c5a8bc
BM.GE
17.04.23 13:31
876
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას გამოეხმაურა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში პენსიონერების ე.წ. ტრეიდინგული სქემებით ძარცვას უკავშირდება. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თაღლითური ქსელის - Milton Group-ის უკან სავარაუდოდ დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. 

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყალბი ქოლ-ცენტრებისა და ყალბი ტრეიდინგული ოპერაციების თაობაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იმუშავეს. მინისტრი დასანანს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველო ევროპელი პენსიონერების ორგანიზებული ძარცვის სქემაში აქტიურად იყო ჩართული. 

„ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს და რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის დასანანია და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და ახლა გასარკვევია გამოძიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

12 აპრილს ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის გეგმავს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსგან იყო წაღებული 5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 

"მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები