2022 წლის 5 თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 11.2% შეადგინა. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ არსებული ზრდა არ არის სტაბილური და ის ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული, რის გამოც ქვეყანაში ეკონომიკის გადახურების რისკები არსებობს. მსგავს მოსაზრებას არ იზიარებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომელიც აცხადებს, რომ ეკონომიკის გადახურების შესახებ საუბარი არასერიოზულია.
"ეკონომიკის გადახურება თეორიულადაც კი ძალიან არასერიოზული სიტყვებია, ეს უფრო ჟარგონია. ჩინეთში მაღალი ზრდა რომ იყო, მოიგონეს ეს სიტყვა გადახურება. რა გადახურება, როდესაც ეკონომიკის ამოძრავების პრობლემაა ქვეყანაში და არა იმ დონის გაქანების, რომ ძრავი გაუხურდეს," - აცხადებს გოცირიძე.
ეკონომიკის გადახურების რისკებს გამორიცხავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც:
"ზრდა რამდენიმე ფაქტორით მათ შორის გაზრდილი მოთხოვნით არის გამოწვეული, რაც აისახება ეკონომიკურ ზრდაში. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც 35%-ზე მაღალია და ასევე ტურიზმის მაჩვენებელი. ის დაგეგმილზე უფრო მეტად არის აღდგენილი. ყველა ეს ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს და 11.2%-იანი ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ფაქტორებით არის გამოწვეული. შესაბამისად, თქვენს კითხვაზე <არის თუ არა ეკონომიკის გადახურების რისკები?> ასეთი ნიშნები არ შეინიშნება, რადგან ეს მიმართულებები რაც ჩამოვთვალე, იმ ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს, რაც საქართველოში გვაქვს”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება რის შედეგადაც მშპ-ს ზომა მიმდინარე ფასებში 69 მილიარდ ლარს მიაღწევს.




























