მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკურ ზრდას მოქალაქეები ვერ გრძნობენ, რადგან მათ ინფლაციამ დიდი ზიანი მიაყენა" - გერლიანი

63451c778d8de
მარიამ დემეტრაშვილი
17.10.22 12:00
763
„ორნიშნა ინფლაცია და უმუშევრობა გამოწვევა თუ არ არის, ეს ცუდი აღქმის ნიშანია“, - ასე გამოეხმაურა ეკონომისტი რამაზ გერლიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია“.

ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ვერდანახვა სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ჰგავს.

„ორნიშნა ინფლაცია გამოწვევა თუ არ არის, ეს აღქმის პრობლემაა. 18%-ის ფარგლებში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი თუ გამოწვევა არ არის, ესეც ცუდი აღქმის ნიშანია. საქართველოდან ევროპისკენ მიგრაციის ნაკადი რომ არ წყდება, ესეც დიდი გამოწვევაა. ბევრი ასეთი გამოწვევის ჩამოთვლა შეგვიძლია. ამ პრობლემებს თუ ვერ ვხედავთ, ეს სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ჰგავს“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ეკონომისტი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის ინკლუზიური და მას მოქალაქეები ვერ გრძნობენ. გერლიანი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ შენარჩუნდება.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ნაწილს, მისი მდგრადობა უნდა განისაზღვროს ინკლუზიურობით - რამდენად დადის მოქალაქეებამდე ეს ზრდა. რეალურად, ამ ეკონომიკურ ზრდას მოქალაქეები ვერ გრძნობენ, რადგან მათ უფრო დიდი ზარალი მიაყენა ინფლაციამ და საკრედიტო პოლიტიკამ, რომლის გამოც მათ ყოველთვიურად მზარდი ხარჯი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ეს ორნიშნა ზრდა პანდემიის შემდგომ ზამბარის ეფექტია“, - დასძინა გერლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები