მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულს მიაღწია...ჩაბნელება გვემუქრება" - მესტიის მერიის მიმართვა მოსახლეობას

61c5c9feb0afb
მარიამ ვარადაშვილი
24.12.21 17:47
4730

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ მაინერების გამორთვისკენ მოუწოდებს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. 

BMG მუნიციპალიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების  საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს. ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები