მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი" მიღებული ისევ არ არის - ვადა 2020-ის ბოლომდეა

5f1ef76f52160
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.20 21:20
2955
"ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი" საქართველომ 2020 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს - ასეთია საქართველოს დღის წესრიგი, რომლის შესრულებიც ვალდებულებას საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო. კანონპროექტის სამუშაო ვერსია უკვე დიდი ხანია მზადაა, მაგრამ პარლამენტს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.

bm.ge-ს ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ესაა რეგულაციები, რომელმაც ონლაინ ვაჭრობის დროს უნდა განსაზღვროს მხარეების უფლებამოსილებები, მოგვცეს ინფორმაცია, რა ევალება ბიზნესს და რისი უფლება აქვს მომხმარებელს. სავალდებულო ხდება პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

ინტერნეტის და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების სპეციალისტი ლევან ნანობაშვილი ამბობს, რომ სანამ საქართველოში ელექტრონული კომერციის შესახებ ერთიანი კანონი არ არსებობს, კერძო სექტორს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების ძებნა სხვადასხვა კანონებსა და დადგენილებებში უწევს.

“ახალი კანონპროექტი ამ მხრივ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ის იცავს როგორც მომხმარებელთა უფლებებს, ასევე მიმწოდებლის უფლებებს, ასევე იცავს შუამავლებს, რადგანაც სწორედ ისინი აკავშირებენ მომხმარებლებს მომსახურების მიმწოდებლებთან.

მომხმარებლების უფლებების დაცვა ამ სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როცა თქვენ კონკრეტული საიტიდან ყიდულობთ საქონელს ან მომსახურებას, არ გაქვთ პირდაპირი შეხება გამყიდველთან, შესაბამისად, უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ როცა ყიდულობთ პროდუქციას საიტიდან, აქ მითითებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, სახელწოდება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია რადგან, თუ უკმაყოფილო ხართ მომსახურებით, თქვენ უნდა იცოდეთ ვის წარუდგინოთ პრეტენზია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს მომსახურების პირობები, მაგალითად ხელშეკრულება. რა თანხას გადაიხდის ის მომსახურებაში, ასევე, როცა თქვენ ელექტრონული კომერციის სფეროში ყიდულობთ მომსახურებას, სანამ დაადასტურებთ, უნდა გქონდეთ საშუალება, რომ გადახედოთ მომსახურების პირობებს, რას ყიდულობთ, რა ფასად, რა მისამართზე იგზავნება საქონელი და დაადასტუროთ. ასევე მერე უნდა მოგივიდეთ ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით, დადასტურება. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ელემენტარულად ჟღერს, მაგრამ როდესაც ურთიერთობა გაქვთ მომწოდებელთან, რომელსაც ვერ ხედავთ, ამ პირობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ახალი კანონი იცავს მომსახურების მიმწოდებელსაც, რადგან მათაც სჭირდებათ გარკვეული გარანტიები”,- აცხადებს ლევან ნანობაშვილი.

მისივე თქმით, თამაშის ერთიანი წესების არსებობა ქართულ კომპანიებს უფრო ფართოდ გაუსხნის საზღვრებს თუნდაც ევროკავშირის ბაზარზე და ისინი შეძლებენ შესთავაზონ საკუთარი სერვისი და პროდუქცია მაგალითად ევროპელ მომხმარებელს. ეს კი მისივე შეფასებით, შეუძლებელია იმ კანონმდებლობის გარეშე, რომელიც იქნება უნიფიცირებული სხვა ქვეყნების, კონკრეტულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები