დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ყველას, ვინც პროცესში იყო ჩართული“. ასე უპასუხა NCDC-ის ხელმძღვანელმა მედიის შესაბამის კითხვას.
„პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანს გვეკისრება - ჩვენს ცენტრს, მეც, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული ვიყავით პროცესში. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ისე, როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, რომელიმე ადამიანი განიცდიდეს; მე ექიმი ვარ, ამ ტიპის ბევრი გართულება მინახავს, სამწუხაროდ, ფატალური დასასრულითაც. ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას“, - თქვა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა გადადგომას არ აპირებს.
ინფორმაციისთვის: ახალციხეში 27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. როგორც ექთნის მკურნალი ექიმები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს ანაფილაქსიური რეაქციის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება გაუწიეს, მაგრამ - უშედეგოდ; გვიან ღამით მეგი ბაქრაძე დედაქალაქიდან ჩასული რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს. ის მეორე დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად რაიონში რეანიმობილის არარსებობას და ექიმების დაგვიანებულ რეაქციას ასახელებენ.




























