საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება საერთაშორისო ინსტიტუტებმა დადებითად შეაფასეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს პარლამენტმა მიიღო ერთიანი პაკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს რომ მოითხოვოს გაწევრიანება ევროპის ერთიანი გადახდების სივრცეში.
"გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები კვლავ მიმდინარეობს და ამ კუთხით, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროპის შესაბამის ორგანოში და ამჟამად მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, ისინი ძალიან დეტალურად გადიან ჩვენ საკანონმდებლო გარემოს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და ასევე იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ხდებოდა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით. ჩვენმა ქმედებებმა თავისი გავლენა იქონია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის შეფასებაში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად იყო შეფასებული“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.