მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დარტყმას მიაყენებს გაჭირვებულ ადამიანებს ყველგან" - გაერო რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებაზე

64b56dafba2e5
ალა ისპირიანი
17.07.23 20:34
569
რუსეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაერო-ს გენერალურმა მდივნმა ანტონიო გუტერეშიმ ნიუ იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლის გამო. მისი თქმით რუსეთის ეს გადაწყვეტილება გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა წერილზე, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა და რომელშიც, მისივე განცხადებით, დასახელებული იყო ახალი წინადადებები, რომელთა განხორციელებასაც გაერო სთავაზობდა რუსეთს, რათა რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებები მოხსნილიყო. გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ წინადადებებს შორის იყო რუსული ბანკის, „როსსელხოზბანკის“ საერთაშორისო საგადახდო სისტემა „სვიფტში“ დაბრუნება და სხვა ზომებიც.

„ღრმად ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი შეთავაზებები უყურადღებოდ დარჩა. რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება დარტყმას მიაყენებს გაჭირვებულ ადამიანებს ყველგან, მაგრამ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რომ გლობალურ ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს საკვები პროდუქტების და სასუქების დაუბრკოლებელი მიწოდება, როგორც უკრაინიდან, ისე რუსეთიდან.

აუცილებლად გავაგრძელებთ გამოსავლის გზების ძიებას. ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ინფორმაციისთვის: მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.