მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს მსოფლიოში შიმშილს გააძლიერებს" - დასავლეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" მოსკოვის გასვლას ეხმაურება

635e635e674e6
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 15:58
641
რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა მსოფლიოში შიმშილს გააძლიერებს, - ასე ეხმაურებიან მოსკოვის გუშინდელ გადაწყვეტილებას დასავლელი ლიდერები.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა და მიმდინარე წლის ივლისში, სტამბოლში გაფორმებული შეთახმებიდან გავიდა. მიზეზად კი სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება დაასახელა, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ხელოვნურად გააძლიეროს შიმშილის პრობლემა. ზელენსკი ამის თავიდან ასარიდებლად გაეროს და "დიდი ოცეულის" ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი კი რუსეთს მოუწოდებს შეცვალოს გადაწყვეტილება და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას დაუბრუნდეს, რომელიც მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.

„რუსეთის გადაწყვეტილება გამოეთიშოს შავი ზღვის შეთანხმებას რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის მთავარ საექსპორტო მარშრუტს“, - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეაფერხებს მარცვლეულის ამ კრიტიკულ ექსპორტს, არსებითად არის განცხადება იმისა, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის უნდა გადაიხადონ მეტი ან იშიმშილონ“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, სტამბოლში ივლისში რუსეთს, უკრაინას, გაეროს და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს გასდის. გუშინ გაეროს გენმდივანმა მხარეებს მისი განახლებისა და გახანგრძლივებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამ განცხადებას მოჰყვა მოსკოვის განცხადებაც შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შედეგად, ივლისიდან 9 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები