შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა - 13%, წლის ბოლოს 9%-მდე შევამცირეთ და ახლა უკვე, მარტში 5,3%-ია, რაც ძალიან დიდი პროგრესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფლაცია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, ამ დროს ki, საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად ინფლაციის 5,3%-მდე შემცირება შეძლო.
„მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად, დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან მაგალითად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი ამდენი გამოწვევების მიუხედავად მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა, 13%. წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით.
ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო. ჩვენ ამის თაობაზე გახსოვთ, შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად, 60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად შარშან 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა. ასევე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმპორტიორებთან, საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის.
ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე. 5,3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, დაბალი ინფლაცია გვჭირდება და რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.