მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ქვეყნები სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას განიხილავენ, ჩვენ დაველოდებით ამას - პრემიერი

647dbee7cf3cc
BM.GE
05.06.23 14:54
577
მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მეტი კოორდინაცია, მეტი კონტროლიც და მონიტორინგიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობის და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, მთავრობების და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს, ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15 %-მდე არის ინფლაციის დონე, პოლონეთში - 14.7%, ჩეხეთში - 12.7%, ბულგარეთში - 12%, რუმინეთშიც ანალოგიურად - 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად ყაზახეთში - 16.8% და ა.შ. ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც შეეხებოდა, თუნდაც მედიკამენტების ფასების შემცირებას, საწვავის ფასების შემცირებას, სურსათზე ფასები შემცირებას, ეს ყველაფერი აისახა საერთო კალათაში.

"რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მეტი კოორდინაცია, მეტი კონტროლიც და მონიტორინგიც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მოლდოვაში როდესაც ვიყავით ახლა შეკრებაზე, რამდენიმე ქვეყნის ევროპულ ლიდერთან მქონდა საუბარი ინფლაციის დონეზე. როდესაც მკითხეს, რამდენი იყო ჩვენთან მიმდინარე ინფლაცია, მათთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ ახლა, ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, მაგრამ განიხილავენ სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას, ე.წ. დაქეფვას. ჩვენ დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, დავამუშავებთ მათ მაგალითებს და ვნახავთ, შევხედავთ ჩვენთან მიმდინარე ტენდენციას. მაგრამ, როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ეს კამპანია და საუბრები გვქონდა არაერთი იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, ფასები წამოსულია საგრძნობლად. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები