ფერმერს, ვისაც შრომა უყვარს და არ ეზარება, შეუძლია, პრაქტიკულად უფასოდ გააშენოს ხეხილის ბაღი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს წარადგენს. ამ კონტექსტში მან სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალი" ახსენა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერებს ხეხილის ბაღების გაშენების შესაძლებლობას აძლევს.
ღარიბაშვილმა ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
“გურჯაანში ბოლო 8 წელში 100 ღვინის მარანი გაიხსნა, აქედან უმეტესობა სახელმწიფოს მიერ არის თანადაფინანსებული... ფერმერს, ვისაც შრომა უყვარს და არ ეზარება შეუძლია, პრაქტიკულად უფასო გააშენოს ხეხილის ბაღი. ჩვენ ასეთი შედეგები დავდეთ - 13 ათასი ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღებია გაშენებული ქვეყნის მასშტაბით.
მეღვინეობაში ასევე დიდი პროგრესი გვაქვს. 39 ღვინის კომპანია იყო მხოლოდ, დღეს 300-ზე მეტი ღვინის კომპანიაა, რომლებიც დოვლათს და დამატებით ღირებულებას ქმნიან”,- აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, გურჯაანში 20-მდე სასტუმროა ასევე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებული.




























