2021 წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება. აღნიშნულის გათვალიწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სახვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური მომსახურების მიღება, ხოლო რეგულირების ლაბორატორიამ ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები გამოეცადათ და ფინანსური მომსახურების გაწევისას გამოეყენებინათ.
„ასევე, დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა გამოთქვა და ციფრული ბანკის ბიზნესს მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღია ბანკინგის პროექტი. 2021 წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა. პირველ ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლის სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლის ბოლომდე სერვისების ნაწილში ღია ბანკინგის სრულად დაფარვაა დაგეგმილი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდისთვის პროექტი ხელმისაწვდომი არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც გახდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.




























