მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განმთავსებელი არ იხდის საკომისიოს"– ტურიზმის ხელშეწყობისთვის შექმნილი ვებპორტალის უპირატესობები

5f172e8f809c7
თამთა ჯიჯავაძე
22.07.20 00:10
1063
თბილისის მერიამ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ვებ-პორტალი შექმნა. Findouttbilisi.com-ი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელზეც თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაცია უფასოდ განათავსონ.

ვებ-პორტალის უპირატესობებზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო მაღრაძემ გადაცემა “საქმის კურსში“ ისაუბრა:

„განმთავსებელი არ იხდის საკომისიოს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ასევე ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ პროდუქტს, რომელიც პლატფორმაზე იქნება, მოხვდება პრომოუშენში, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით და თითოეული პროდუქტის პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანა მოხდება.

ასევე, კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ სხვა მუნიციპალიტეტები შეძლებენ, რომ არსებული გაყიდვებით ისარგებლონ, ვინაიდან თბილისიდან გამყვანი ტურის შემთხვევაში, ვიზიტორი თანხას ხარჯავს ადგილზე, მაგრამ მთავარი მახასიათებელი პორტალზე მოსახვედრად არის ის, რომ კომპანია თუ ინდივიდუალური პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული თბილისში“, – აღნიშნა ნინო მაღრაძემ.

მისივე თქმით, ახალი ვებ-პორტალის შექმნა გადაწყდა იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, – „ეს განსაკუთრებით შეეხო თბილისს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში საჭირო გახდა ახალ რეალობაზე გადაწყობა და ახალი გაყიდვების ქსელის მოძიება, ციფრული პროდუქტების შექმნა და ა.შ. სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა გაგვეკეთებინა ერთი პორტალი, სადაც კერძო სექტორი შეძლებდა სერვისების და პროდუქტების განთავსებას და დამატებითი შემოსავლების მიღებას“.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, ფინანსური რესურსი დედაქალაქის მთავრობას ამ ვებ-პორტალის შექმნისთვის არ დაუხარჯავს, მისი შექმნა შიდა რესურსებით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები