მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაორმაგებული ბრუნვა, ახალი საექსპორტო ბაზრები" - როგორ დაასრულა "კოსმომ" 2022 წელი?

63d7b32be424a
თინათინ ნატმელაძე
05.02.23 12:30
728
ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდმა „კოსმომ“ 2022 წელი გაორმაგებული წარმადობით და ახალი საექსპორტო ბაზრებით დაასრულა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა სოფი მუხლიშვილმა BM.GE-თან განაცხადა.

„ძალიან წარმატებული წელი გვქონდა, „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით მილანის საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდით, სადაც პოტენციური კლიენტები გავიცანით, ამის შემდეგ კი იტალიაში საკმაოდ დიდი კოლექცია ორჯერ გავგზავნეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამაზონზე ჩვენი მაღაზია გავხსენით, დავამატეთ ახალი კოლექციები და ჩავატარეთ სხვადასხვა კამპანიები.

ასევე მოვიპოვეთ ორი გრანტი, რომლებიც საექსპორტო პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა, ერთი იყო „სპარკის“ აქსელერაციის პროგრამა, 15 000-ლარიანი გრანტით, მეორე კი „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსი.“ - განაცხადა სოფი მუხლიშვილმა.

კომპანიას 2023 წლის გეგმებიც გაწერილი აქვს, სადაც კვლავ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობა და წარმადობის გაზარდა შედის.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებსაც „კოსმო“ გასულ წელს წააწყდა, დამფუძნებლის ცნობით, ძირითადი გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის თანმდევ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„რადგან ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, გვინდა, რომ თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საწარმო ავამოქმედოთ, ეს იყო გასულ წელს ჩვენი მთავარი მიზანი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში გაზრდილი მიგრაციის ფონზე უძრავი ქონების გაძვირებამ ამ საკითხში ხელი შეგვიშალა და ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

ამას დაემატა ნედლეულის დეფიციტი და მისი ფასის ზრდა - ჩვენ ნედლეულის დიდ ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობდით, თუმცა გასულ წელს იძულებული გავხდით, რომ მისი იმპორტირება დაგვეწყო, რამაც თავის მხრივ სატრანსპორტო ხარჯებიც გაზარდა, ამის ფონზე, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ფასი შეგვენარჩუნებინა, რაც გამოგვივიდა, მაგრამ 2023 წელს ამ გამოწვევას რამდენად გავუმკლავდებით, ჯერ არ ვიცით.“ - განმარტავს „კოსმოს“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს და მას თბილისის მასშტაბით შვიდი ფილიალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები