მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარე რეკლამის განთავსების აუქციონის ახალი პირობები კონკურენციას შეზღუდავს" - ვატო შაქარიშვილი

60c0e8c5308a0
ანუკა ჯოხაძე
09.06.21 21:10
734
"გარე რეკლამის განთავსების აუქციონის პირობები კონკურენციას შეზღუდავს", - ამის შესახებ BM.GE საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა განუცხადა. როგორც შაქარიშვილი ამბობს, ახალი პირობების მიხედვით, გარე რეკლამის ბაზარზე აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას თანხის გადახდა თბილისის ბიუჯეტისთვის წინასწარ მოუწევს და შემდეგ 15 წლის განმავლობაში ის გადასახდელისგან თავისუფალი იქნება.

მისი თქმით, აუქციონის ახალი პირობები ბაზარზე არსებულ მონოპოლიურ მდგომარეობას ვერ შეცვლის და უპირატეს მდგომარეობაში მაინც ის კომპანია იქნება, რომელიც 12 წელია თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

“წინასწარი გადახდის პრინციპი, რაც მერმა აღნიშნული აუქციონის მთავარ პირობად გამოაცხადა, შეზღუდავს ყოველგვარ კონკურენციას. ეს იმიტომ, რომ თუ მერია აწარმოებს ბიზნესთან კონსულტაციას, შეეკითხონ მათაც, დღეს არავის აქვს შესაძლებლობა, რომ წინასწარ ამ მოცულობის თანხები გადაიხადოს. უპრიანია, რომ ეს უფლება თავად მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, რათა ნებისმიერი ახალი სარეკლამო ზედაპირის უფლება კონკრეტულმა პირმა თუ ბიზნეს სუბიექტმა მუნიციპალიტეტისგან აიღოს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტი კონტროლის მექანიზმი გვქონდეს, ქალაქმა უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს და კონკურენციის პირობები დაცული იყოს", - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი.

საკრებულოს უმრავლესობაში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას გამორიცხავენ. საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ აუქციონი რამდენიმე ლოტად გამოცხადდება, რისი გადახდის შესაძლებლობაც მათი მტკიცებით, ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებსაც ექნებათ.

“გადასაწყვეტია, რამდენ ლოტად გამოცხადდება აუქციონი. თუ საუბარია აუქციონის ერთ ლოტად გამოცხადებაზე, დიდი თანხა გამოდის, თუ ვსაუბრობთ, აუქციონის ორ ლოტად გამოცხადებაზე, მაშინ კონკურენციის შეზღუდვის რისკი იკლებს. ახლა იმ კომპანიას, რომელიც ოპერირებს, ინფრასტრუქტურული უპირატესობა აქვს, სხვა არაფერი. მას ქალაქში კონსტრუქციები დაყენებული აქვს, ახალ კომპანიას კი გამარჯვების შემთხვევაში მოუწევს ამ ყველაფრის განთავსება. შესაბამისად მას უფრო მეტი ხარჯი ექნება, ვიდრე "ალმას", რომელიც ამდენი წელია ოპერირებს", - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარე რეკლამების განთავსებაზე ახალი აუქციონის გამოცხადება დააანონსა. თუმცა, როგორც დღეს ცნობილი გახდა, ახალი აუქციონის პირობები ამ დრომდე ვერ მომზადდა. არადა კომპანია OUTDOOR.GE-ს, რომელსაც გარე რეკლამის განთავსების 12-წლიანი ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდა, 15 ივლისს ეწურება. იმის გამო რომ აუქციონის პირობები მზად ისევ არ არის, თბილისის ვიცემერი არ გამორიცხავს, რომ გარე რეკლამების განთავსების ნებართვა OUTDOOR.GE-ს კიდევ გაუხანგრძლივდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები