მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური ნება, ის მუშა დოკუმენტად ვაქციოთ "

60f865217b1ae
თამთა ჯიჯავაძე
21.07.21 23:20
486
გვაქვს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური ნება, ეს გეგმა მუშა დოკუმენტად ვაქციოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„ამაში ვგულისხმობ, არამხოლოდ ვაქცინების საკმარისი რაოდენობის მიწოდებას, არამედ პირველ რიგში კომუნიკაციის კამპანიას. როდესაც არსებობს ინფორმაციული გზავნილები, რომელიც არის შედეგიანი და რომელიც ყველა მოქალაქესთან მიდის და ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესების დაჩქარებას. ასევე, როდესაც ეს მესიჯები მიდის არამარტო თბილისის მოსახლეობასთან, არამედ ის არის ხელმისაწვდომი რეგიონებში. მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქართულ ენაზე ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვს. როდესაც ეს მიდის ყველა ასაკის მოსახლეობასთან, მათ შორის შშმ პირებზე. მოგეხსენებათ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, სოციალურ ქსელთან, სატელევიზიო რეკლამებიც ვერ აღწევს ბევრ სოფლამდე. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ კომუნიკაციის კამპანიას, ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, გამარტივებულ რეგისტრაციის და ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

მისივე თქმით, ამის მაგალითები არის და ჩვენ ველოსიპედის გამოგონება არ მოგვიწევს, "საკმარისია იქით-აქით გავიხედოთ და დავინახავთ როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა სხვა ქვეყნებმა", მათ შორის აშშ-მა, რომელიც დღეში იმდენ ადამიანს ცრის, რამდენიც საქართველომ ერთი წლის განმავლობაში უნდა აცრას.

„როდესაც გვინდა რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ მოსახლეობას დავაბრალოთ რომ ვაქცინა დროულად ვერ შემოვიდა, რომ ნდობა არ არის ვაქცინაციის მიმართ, რომ ძნელია რეგისტრაცია პორტალზე და ა.შ. ეს არის ის მესიჯები, რომელიც ანგრევს ვაქცინაციის კამპანიას. გადახედონ თავიან ნაბიჯებს, კამპანიას, უფრო მეტი პატივისცემით მოექცნენ მოსახლეობას და იმ გეგმას, რომლის შემუშავებაშიც თავად მიიღეს მონაწილეობას“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, ვაქცინაციის ტემპი დაბალი იყო სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გერმანიასა და აშშ-შიც. მაგრამ იქ მთავრობამ წარადგინა ნაბიჯები, რომელმაც საშუალება მისცა მათ, რომ დაეჩქარებინა ვაქცინაციის ტემპი და უფრო მეტი მოსახლეობა აეცრათ დღეში.

„ვისურვებდი, ნებისმიერ წარმომადგენელს, მით უმეტეს თუ ის მთავრობის წარმომადგენელია და გადაწყვეტილებას იღებს, სწორედ იმაზე ესაუბრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ და ქვეყანამ, იმისთვის რომ გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, მეტი მოქალაქე იყოს დაცული მძიმე შემთხვევებისა და გარდაცვალებისაგან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა. ჯობია ამაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. სამწუხაროდ მთავრობისგან ასეთი წინადადებები და ნაბიჯები არ ისმის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „დიდი დაგვიანებით“ დაიწყო, რასაც ის მოსახლეობას აბრალებს. “ყველა ტიპის საუკეთესო ვაქცინები არის შეუზღუდავი რაოდენობით და ვაქცინების სერვისის მიმწოდებელი სამსახურები არის მაქსიმალური. არა მგონია, სხვა ქვეყნებს ამდენი ჰქონდეს. დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია შეგვიძლია..“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები