მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ილონ მასკი კომპანიის პრობლემების გადაჭრას შეძლებს, მას ვენდობი" – Twitter-ის დამფუძნებელი

6267a40a98da0
გიორგი თოლორდავა
26.04.22 11:55
982
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და Twitter-ის დირექტორთა საბჭოს შორის შეთანხმება შედგა - 44 მილიარდ დოლარად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდა.

აღნიშნულ მოვლენას Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი გამოეხმაურა. დორსის განცხადებით, მას სჯერა, რომ მილიარდერი მეწარმე Twitter-ის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას და სოციალური ქსელის განვითარებას შეძლებს.

დორსის განმარტებითვე, Twitter-მა დასახული ამბიციური მიზნების მიღწევა ვერ შეძლო, რადგან ის უოლ-სტრიტის საინვესტიციო ბანკებისა და ჰეჯ-ფონდების კუთვნილებაში იმყოფებოდა, მისი პრივატიზაცია კი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„Twitter-ის იდეა და სერვისი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად. Twitter-ი, როგორც კომპანია, ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი პრობლემა და სატკივარი. Twitter-ს და მის სარეკლამო მოდელს უოლ-სტრიტი ფლობდა, უოლ-სტრიტიდან მისი გამოსყიდვა კი სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯია“, - განაცხადა დორსიმ.

„ვფიქრობ, Twitter-ს არავინ უნდა ფლობდეს და მართავდეს, ის საზოგადო სიკეთე უნდა იყოს და არა - კომპანია. კომპანიად ყოფნის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ილონ მასკი მიმაჩნია, მე ვენდობი მას და მის მიზანს - განავრცოს ცნობიერების სინათლე“, - წერს დორსი.

ილონ მასკის განცხადებით, ის გეგმავს, რომ Twitter-ში მნიშვნელოვნად გაზარდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტები, არსებული ცენზურა კი პრაქტიკულად გააუქმოს. მისი განმარტებითვე, Twitter-ის შეძენა არ ემსახურება კომერციულ ინტერესებს და მილიარდერი ინვესტიციას სოციალური ქსელიდან მოგების მისაღებად არ ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები