მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა" - ევროკავშირის ელჩი "გავლენის აგენტების შესახებ" პროექტზე

63ff5f293edd3
BM.GE
01.03.23 18:22
964
“შეხვედრაზე საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პრინციპებთან,”- პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

“ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პრინციპებთან. ასევე ავღნიშნეთ, რომ ეს ინიციატივა წინააღმდეგობაშია მინიმუმ 2 პუნქტთან იმ 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველომ გასული წლის ივნისში ევროკავშირისგან მიიღო.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა.

დღეს ჩვენ დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რომ ამ კანონის მიღებას საწინააღმდეგო შედეგები შეიძლება მოჰყვება,”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები. 

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.