მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმუშავე საქართველოდან“ - რას ითხოვენ ტუროპერატორები ტურიზმის ადმინისტრაციისგან

5f6234077c02e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 10:15
1518
ტურისტული კომპანიები ტურიზმის ადმინისტრაციას პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ აპლიკაციის ველში "მომწვევი ორგანიზაციის" დამატების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ BM.GE-ის ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით ტუროპერატორებმა მარიამ ქვრივიშვილის უწყებას 10 დღის წინ მიმართეს, თუმცა დღემდე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას მაია მურაჩაშვილი განმარტავს, პროგრამისთვის შექმნილი აპლიკაცია თავდაპირველად მოიაზრებდა „მომწვევი ორგანიზაციის“ ველის არსებობას, რაც კერძო კომპანიებს საშუალებას აძლევდა, "ჩაკეტილი ტურიზმის" პირობებში თავისი ეკონომიკური საქმიანობა ნაწილობრივ მაინც აემოქმედებინათ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით იმ სეგმენტზე ემუშავათ, ვინც ამ პროგრამით დაინტერესდებოდა, თუმცა ამოქმედების შემდეგ აპლიკაციას „მომწვევი ორგანიზაციის“ ველი არ აქვს. 

„ჩავშლი იმ ბენეფიტებს, რასაც ამ ველის ჩამატება გამოიწვევს კერძო სექტორისთვის და სახელმწიფოსთვის:

1. ამ ველის გარეშე, სახელმწიფოს უწევს მრავალი საინფორმაციო და სარეკლამო არხის გამოყენება, რომ მიიტანოთ ეს პროექტი პოტენციურ მიზნობრივ ჯგუფამდე 90-ზე მეტ ქვეყანაში, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, მაშინ როდესაც, თუ ჩვენ - მასპინძელი კომპანიები ვიქნებით ჩართული, თვითონვე მოვიძიებთ კომპანიებს, ოჯახებს ყველა მიზნობრივ ჯგუფებში და ამას გავაკეთებთ საკუთარი ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით. თავისთავად ეს გაზრდის პოტენციური ვიზიტორების რაოდენობას და სახელმწიფოს შეუმცირებს სარეკლამო-საინფორმაციო ხარჯებს;
2. ამ ველის ჩამატება არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უფრო მეტიც, ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება, რადგან უცხო გარემოში და უცხო წეს-ჩვეულებების ქვეყანაში ეყოლება მასპინძელი, რომელიც დაეხმარება საცხოვრებელი ადგილის, ტრანსპორტით მომსახურეობის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, ასევე მათი სურვილის შემთხვევაში, ვიქნებით მათი ბიზნეს კონსულტანტი მომავალი პროექტების ან ინვესტიციების განხორციელების კუთხით;
3. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ იურიდიულ პირს (შპს, ი/მ ან მცირე მეწარმე), რაც გამორიცხავს ბიზნესის ჩრდილოვან მხარეებს და კომპანიები სრულად უპასუხებენ იმ საშემოსავლო ვალდებულებებს, რაც დაეკისრებათ ამა თუ იმ შემოსავალზე. ამასთან მომსახურების ხარისხის გარანტი ვხდებით უკვე ჩვენ - კომპანიები და არა - სახელმწიფო“, - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.

გარდა ამისა, ტუროპერატორი ამბობს, რომ მომწვევი კომპანიის არსებობა სახელმწიფოსთვის ფინანსური სარგებლის მომტანიცაა.

"კერძო სექტორის ჩართულობით მოხდება პროექტის ცნობადობის მკვეთრი ზრდა, რაც ვიზიტორების რაოდენობის ზრდის და ასევე, ქვეყანაში შემოსული თანხების პირდაპირპროპორციული იქნება; შემოსავალი გაუჩნდება გარდა სასტუმროებისა: ტურისტულ კომპანიებს, სასტუმრო სახლებს, აპარტამენტების მფლობელებს, კერძო სახლების გამქირავებლებს, მძღოლებს ტრანსპორტით, გიდებს... ანუ შედარებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ტურიზმის სექტორის დახმარების პერიოდში, რეალურად, სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გვქონია; სერვისების დიდი ნაწილი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს და ჩაბრუნდება ბიუჯეტში თუ გატარდება ტურისტული კომპანიიდან და არ მოხდება ვიზიტორების მხრიდან პირდაპირი გზით შესყიდვა”, - აღნიშნა „იბერია ტურს პლიუსის“ ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პროგრამის აპლიკაციაში "მომწვევი ორგანიზაციის" ველის დამატება კერძო კომპანიებისთვის იქნებოდა მაშველი რგოლი, რადგან ტურისტულ ორგანიზაციებს, თუ სხვა მცირე კომპანიებს ყველანაირი ფინანსური რესურსი ეწურებათ იმისთვის, რომ კადრები შეინარჩუნონ, მით უფრო მაშინ, როდესაც საზღვრების გახსნის თარიღი დღემდე უცნობია.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ყველანაირ ფინანსურ რესურსს ვწურავთ; აბსოლუტურად კარგად გვესმის ჩაკეტვების აუცილებლობა, რაც იყო აქამდე, მაგრამ გარკევული პერიოდის შემდეგ, როდესაც აღარ გაიხსნა არაფერი და ეკონომიკური კრახის წინაშე ვართ, ამ ველის დამატება კერძო სექტორისთვის იქნებოდა მაშველი რგოლი. ეს არ არის ტურიზმი ძველი ფორმით, მაგრამ იმასაც კარგად ვაანალიზებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად დაკარგული შანსი კერძო ბიზნესისთვის. ის რომ "მწვანე ზონა" ვართ და ამ სტატუსისთვის სახელმწიფოსთან ერთად მთელმა კერძო სექტორმა ვიზრუნეთ - არ დავარღვიეთ რეგულაციები, არ შევქმენით დამატებითი საფრთხეები, ჩვენ - მოსახლეობამ ეს რომ გულთან მივიტანეთ და მივიყვანეთ სახელმწიფო იქამდე, რომ "მწვანე ზონა" ყოფილიყო, ამისთვის ჩვენც ხომ უნდა მივიღოთ ბენეფიტები?!“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილმა.

„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ საკითხთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან საშემოსავლო გადასახადების და სესხების გადავადების დრო ნოემბერში იწურება და კერძო სექტორი ყოფნა-არ ყოფნის წინაშე დადგება.

ცნობისთვის: bm.ge თემასთან დაკავშირებით ეცდება ტურიზმის ადმინისტრაციის პოზიციაც მოისმინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები