იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, „დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გვევალება ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან“.
„ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა“, - განაცხადა მან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი-მოსამართლე ჰყავს, ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, მოულოდნელად მოსამართლეთა XXX კონფერენცია ჩატარდა. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები აირჩია, თუმცა კოალიაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ინფორმაციით, ამ ამბავში გასაოცარი ის არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა. მაგრამ როგორც კონფერენციის დღეს აღმოჩნდა, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მოსამართლეებმა თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. ამის შემდეგ გამართულ სხდომაზე კი ხმათა უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი - აირჩიეს.




























