მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯავშნები უქმდება... ჩაგვეხლიჩა ხმა კერძო სექტორს" - მაია მურაჩაშვილი მთავრობას

60f191e1880fd
ინგა მურუსიძე
16.07.21 22:20
11993
სასტუმროების მენეჯერი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო ტურისტები სასტუმროებში ჯავშნებს აუქმებენ. როგორც მან bm.ge-ს უთხრა, დღეს დილიდან ტურები გააუქმეს ისრაელიდან ჩამომსვლელმა ტურისტებმა სასტუმრო „იბერია ტურს პლიუსში“, ასევე ივლისში გეგმავდნენ ჩამოსვლას სასტუმრო „გისტოლაში“ ისრაელიდან და დუბაიდან და დღეს სამი ჯავშანი გაუქმდა.

„საქართველო შევიდა სახიფათო ქვეყნების სიაში, 23 ივლისიდან საქართველოდან უკან დაბრუნებულ ტურისტებს მოეთხოვებათ 7-დღიანი თვითიზოლაცია! უქმდება ტურები... დილიდან მხოლოდ ჯავშნების გაუქმებები მოდის სასტუმროებშიც.

ჰოდა, ჩაგვეხლიჩა ხმა კერძო სექტორს, გეძახით, გთხოვთ, გკარნახობთ, მაგრამ არ აღელვებს ჩვენს მთავრობას. მიგეხედათ ამ პრივილეგირებულ სასტუმროებში ქორწილებისთვის, მონიტორინგი დაგეწესებინათ არსებულ რეგულაციებზე და მოგეცათ დრო ჩვენთვის ბიუჯეტსაც დავხმარებოდით და საკუთარ თავებსაც.

გილოცავთ! რეანიმირებულ, ჩვენს ძალისხმევაზე პულსაცია ამუშავებულ ტურიზმს ისევ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ“, - წერს მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ynet.co.il-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ისრაელის მთავრობამ წითელი ქვეყნების ჩამონათვალს მას შემდეგ გადახედა, რაც „დელტა" შტამით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის მასშტაბით, ამასთან მომავალი კვირის პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები