მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"'ჯიდი ჯგუფმა“ ბინები ვერ ააშენა - რატომ ითხოვს დევნილთა სააგენტო „არდისგან“ 8 მილიონს?

620135e19bbe8
თელარა გელანტია
07.02.22 19:30
4778
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „ჯიდი ჯგუფს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11 მლნ ლარის გადახდა დააკისრა, კერძოდ, მოპასუხე კომპანია შპს "ჯი დი ჯგუფს“ სააგენტოს სასარგებლოდ ჯამში, 2 640 641,32 ლარის, ხოლო სადაზღვევო კომპანია "არდი დაზღვევას“ კი 8 363 812 ლარის გადახდა.

საქმე ის არის, რომ "ჯიდი ჯგუფთან“, რომელიც მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში შეირჩა, სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა პირველი ხელშეკრულება - კომპანიას დიდ დიღომში უნდა აეშენებინა 35 ბინა; იმავე წლის დეკემბერში კი დაიდო მეორე კონტრაქტი, რომლის თანახმად, ასევე დიდ დიღომში უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი 109 ოჯახისთვის, სულ 144 დევნილი ოჯახისთვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან გადაერიცხა 8 მილიონი ლარი. ვალდებულების შესრულების პერიოდად კი კონტრაქტის შესაბამისად, განესაზღვრა 2019 წლის დეკემბერი და 2020 წლის მაისი, მაგრამ ბინები ვერ ჩააბარა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტოს პირველ ეტაპზე მოუწია საჯარიმო სანქციების დაკისრება, შემდეგ იყო გარკვეული მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ გონივრულ ვადაში დასრულებულიყო მშენებლობა, მაგრამ ამ პროცესმა შედეგი ვერ გამოიღო და დევნილთა სააგენტომ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა და სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება სააგენტოს სასარგებლოდ მიიღო;

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქალაქო სასამართლომ საავანსო უზრუნველყოფის გარანტიის გათვალისწინებით, 8 363 812 ლარის გადახდა „არდი დაზღვევას“ დააკისრა, კომპანიამ მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ამ უკანასკნელმა საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.



„არდი დაზღვევის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირწმუნება, რომ 8 363 812 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავს, რადგან დევნილთა სააგენტოს მოთხოვნით „ჯიდი ჯგუფის“ არაერთი ქონება ისედაც დაყადაღებულია. ამასთან, ნინო ლიპარტია განმარტავს, რატომ „არდი დაზღვევა“ არაა ვალდებული, 8 მილიონი გადაიხადოს.

„საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ შეესაბამება წლების განმავლობაში დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ საერთო სასამართლოების პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნა თავად საბანკო გარანტიის პირობებთან შესაბამისი უნდა იყოს; ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, რომელიც იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველი, რეალურად არსებობს და ამათი დიდი ნაწილი აშენებულია, შესაბამისად, გაწეულია ის მიზნობრივი ხარჯი, რომლითაც უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები; ვინაიდან საგარანტიო შემთხვევის რეგულირების პროცესში თანხის მზინობრივი გახარჯვა დადასტურდა, შესაბამისად, „არდი დაზღვევა“ როგორც გარანტი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო“, - განმარტავს ნინო ლიპარტია.

ამასთან, „არდი დაზღვევის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ მართალია, დევნილთა სააგენტოს მხრიდან ძირი თანხა ანუ 8 მილიონი ლარი მოთხოვნილი იყო როგორც „არდი დაზღვევის“, ისე „ჯიდი ჯგუფისგან“, საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანიას მხოლოდ პირგასამტეხლოს - 2 640 641,32 ლარის, ხოლო სადაზღვევო კომპანიას კი - 8 363 812 ლარის გადახდა დააკისრა.

BM.ge გასული წლის დეკემბრიდან ცდილობს „ჯი დი ჯგუფთან“ დაკავშირებას, რათა მათი პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ ინტერნეტში მითითებული ყველა საკონტაქტო ნომერი გათიშულია და კომპანია კავშირზე არ გამოდის.

რაც შეეხება მთავარ საკითხს - უკვე დააკმაყოფილეს თუ არა ბინებით 144 დევნილი ოჯახი, რომელთათვისაც ბინები „ჯი დი ჯგუფს“ უნდა აეშენებინა, დევნილთა სააგენტოდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ „ჯი დი ჯგუფის“ მიერ აშენებული ბინებიდან, დევნილ ოჯახებზე სულ 17 ბინა განაწილდა, მაგრამ "ჯი დი ჯგუფთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, აღნიშნული 17 ოჯახი, უკვე დაკმაყოფილდა შესაბამისი, სხვა, ალტერნატიული, საცხოვრებელი ფართით ახალაშენებულ კორპუსებში. საუბარია მხოლოდ 17 ოჯახზე.

რაც შეეხება მთავარ მიზეზებს, რატომაც „ჯი დი ჯგუფმა“ აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო, დევნილთა სააგენტოს მიერ „ჯი დი ჯგუფისთვის“ გაგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, რომ როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირებისას გამოიკვეთა, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.

შეცვლის თუ არა სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან მოუწევს თუ არა „არდი დაზღვევას“ ბიუჯეტში 8 მილიონი ლარის გადახდა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება „ჯი დი ჯგუფს“, როგორც დევნილთა სააგენტოდან მოგვწერეს, სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სააგენტომ 2022 წლის 12 იანვარს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს გაუგზავნა წერილობითი მიმართვა შპს ,,ჯი დი ჯგუფის“ მიმართ დაკისრებული თანხის, დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღებისათვის აღსრულების წარმოების დაწყების მოთხოვნით.

ცნობისთვის: ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს „ჯი დი ჯგუფი“ 2015 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის იურიდიული მისამართია თელავი. „ჯი დი ჯგუფის“ დირექტორია შოთა ქუთათელაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი - თამარ თათულიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები