მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯინო ჰოლდინგს" და Gulf Hotels Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - ბაჰრეინული კომპანია საქართველოში ოპერირებას იწყებს

6247eafe19da2
თამთა ჯიჯავაძე
02.04.22 10:19
1714
ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group-ი საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონია თბილისში, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ კუთვნილი აკვაპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, Gulf Hotels Group-ი აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახალაშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კომპანია N&G-ის დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ და Gulf Hotels Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფარუკ ალმოაიდმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა საქართველოში ტურისტული სერვისების მიმწოდებელი მსხვილი ბაჰრეინული კომპანიის შემოსვლას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს ტურისტული სერვისების ხარისხი, რაც ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს დააგენერირებს. მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ტურისტული მომსახურებით.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი პერსონალი, რომელიც თბილისში, აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი Gulf Aquamarine Hotel-ში დასაქმდება, თბილისის ობიექტისთვის არასეზონის დროს Gulf Hotels Group-ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას. აღნიშნულ ობიექტზე იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

Gulf Hotels Group-ის შესახებ:

"Gulf Hotels Group არის საჯარო კომპანია, რომელიც საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად 1967 წელს დაფუძნდა და მისი პირველი სასტუმრო - გალფ ჰოტელი 1969 წელს გაიხსნა. მაშინ მხოლოდ 112 სასტუმრო ნომერი და ორი რესტორანი გვქონდა, ეს იყო ჩვენი ძირითადი სასტუმრო, რომელიც წლების განმავლობაში ფართოვდებოდა. ასევე ფართოვდებოდა ჩვენი ჯგუფიც. ამჟამად სასტუმროში 361 ნომერია ასევე 97 აპარტამენტი, სპა ცენტრი, კონვენციების ცენტრი 10 რესტორანი, ეს უზარმაზარი კომპლექსია.

კომპანია ამჟამად წარმოდგენილია ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შრი ლანკაში, ტანზანიაში, ზანზიბარში, სადაც ზღვისპირა ობიექტი გვაქვს, და ძალიან მალე უკვე საქართველოშიც ვიქნებით,"- BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს კომპანიის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი გარფილდ ჯონსი.

ჯინო ჰოლდინგის შესახებ:

“ჯინო ჰოლდინგი” საინვესტიციო მრავალპროფილური კომპანიაა რომელიც დაკავშირებულია დასვენების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ პროექტებთან. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროების, აკვაპარკების, რესტორნების, საცხოვრებელი კომპლექსის განახლებადი ენერგო ობიექტებისა და სოფლის მეურნეობის ობიექტების მშენებლობისა და მართვის სფეროში. "ჯინო ჰოლდინგი" 2003 წელს სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძემ დააფუძნა. 2012-2022 წლებში "ჯინო ჰოლდინგს" სლოვაკეთსა და საქართველოში ინვესტირებული აქვს 180 მლნ ევროზე მეტი, მათ შორის საქართველოში 87 მლნ ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები