მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჟოლის“ წარმოებული პროდუქციის 80% ექსპორტზე აშშ-ში გავა

63cfe79584f5e
თინათინ ნატმელაძე
28.01.23 17:50
1152
მურაბების და ჯემების მწარმოებელმა კომპანია „ჟოლიმ“ გასულ წელს ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით სოფელ იგოეთში საწარმოს მშენებლობა დაიწყო, რომელიც სულ მალე დასრულდება.  როგორც მისი დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, წარმადობის გაზრდასთან ერთად, პროდუქციის 80% ექსპორტზე ამერიკაში გავა.

„საწარმოს მშენებლობა უკვე დავასრულეთ; დარჩა მისი დანადგარებით აღჭურვა, რაც ჩინეთიდან იმპორტის გამო დროში გაიწელა, მაგრამ მარტში უკვე ადგილზე გვექნება და ხილის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, უკვე წარმოებასაც დავიწყებთ.

ვაფართოებთ ასორტიმენტსაც; ჯემების, მურაბების და კომპოტების წარმოებასთან ერთად, საწებლების და აჯიკების წარმოებასაც ვიწყებთ, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამერიკის ბაზრიდან.

2022 წელი, წინა წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდით დავასრულეთ; თითოეული სახეობა 5 000 ერთეული ვაწარმოეთ, თუმცა საწარმოს ამოქმედების შემდეგ, ჩვენი წარმადობა 150-200 ათას ერთეულს შეადგენს, რომლის 80%-იც ექსპორტზე ამერიკაში გავა, 20% კი - ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში რეალიზდება.

ამერიკიდან დიდი დაინტერესებაა, სატესტო რაოდენობა უკვე გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს და ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან გადის შემოწმებას", - განაცხადა გურამ სუხაშვილმა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, „ჟოლის“ დამფუძნებლის ცნობით, ამერიკელმა ინვესტორებმა საწარმოს აშენებაში 60 000 დოლარის ოდენობის ინვესტირება უკვე განახორციელეს, ეს თანხა ეტაპობრივად იზრდება, რასაც დანადგარების საფასურიც დაემატება, რომელიც 60-80 ათას დოლარს შორის მერყეობს.

„ჟოლი“ ამჟამად 8 ადამიანს ასაქმებს, თუმცა როგორც გურამ სუხაშვილი გვიყვება, საწარმოს ამოქმედების შემდეგ, 30 ადამიანის დასაქმება იქნება საჭირო, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კომპანია კადრების ნაკლებობას განიცდის.

ინფორმაციისთვის, კომპანიის წარმოებული პროდუქციის ადგილობრივი საფასური 8-15 ლარს შორის მერყეობს, ხოლო საექსპორტო საფასური 4.5-6 დოლარს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები