მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ნექტარი": წლიურად 250 000 ბოთლამდე წვენი ექსპორტზე 9 ქვეყანაში გაგვაქვს

5ed637091375b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 17:07
3314
ქართული წვენების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ჯორჯიან ნექტარი“ ქარელის რაიონში 2007 წელს ამოქმედდა და თავიდანვე 100%-ით ექსპორტზე იყო ორიენტირებული. პრიდუქციას ქართულ ბაზარზე არ ყიდიან. 150 000 დოლარის ინვეტიციით დაწყებულმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო და დღეს კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, ექსპორტს 9 ქვეყანაში ახორციელებს.

როგორც წვენების მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან ნექტარის“ ექსპორტის მენეჯერი ნატა დავითაია bm.ge-ისთან საუბრისას აცხადებს, დღეისთვის, აღნიშნული ფინანსური რესურსი მთლიანად დავითაიების ოჯახის მიერაა ინვესტირებული.

დღეს „ჯორჯიან ნექტარი“ თითქმის ყველა კონტინენტზე ყიდის ქართულ ნატურალურ წვენებს. პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ და ავსტრალია იყო.

„ექსპორტის გაზრდა არ არის მარტივი პროცესი. 12-წლიანი ექსპორტის გამოცდილება გვაქვს აშშ-სა და ავსტრალიის მიმართულებით. 2 წელია, რაც ევროპის მიმართულებით დავიწყეთ ექსპორტი; რაც შეეხება აზიის ქვეყნებს, ამ ბაზარზე წელს შევედით.

ჩვენი კომპანიის წვენების წარმოების ძირითადი ხაზი არის ბროწეული; ამასთან ერთად გვაქვს მიქსები, მაყვალი, მოცვი, შინდი, ალუბალი. სხვა სახეობებით არ ვართ დაინტერესებული, რადგან საერთაშორისო ბაზარზე სხვა ქვეყნებს ფასთან მიმართებაში კონკურენციას ვერ ვუწევთ.

წლიური წარმოება 225 000-დან 250 000 ბოთლამდე სხვადასხვა მოცულობის ბოთლია. ჩვენი პრიორიტეტი ველურად მზარდი ხილის ჯიშების დამუშავებაა და დიდ მოცულობაზე გათვლა არ გვაქვს; საწარმოს წარმადობა თვეში დაახლოებით, 5-8 კონტეინერამდეა, თუმცა მხოლოდ 2 კონტეინერს ვაწარმოებთ თვეში“, - ყვება ნატა დავითაია.

აშშ, ავსტრალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ნორვეგია, ბრიტანეთი, ჩეხეთი, ბაჰრეინი და ქუვეითი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართული ნატურალური წვენები გადის ექსპორტზე. „ჯორჯიან ნექტარის“ ექსპორტის მენეჯერის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენცია დიდია, თუმცა კომპანია თავისი ნიშური მიმართულებით ახერხებს პოზიციონირებას.

„მსოფლიო ბაზარზე ბროწეულის წვენებზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენი კონკურენტები არიან აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, თუმცა კონკურენციას ვუწევთ ჩვენი ხილის გემოვნური თვისებებითა და იმით, რომ ველურად მზარდ ჯიშებს ვამუშავებთ.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ექსპორტის განვითარების საკითხში "აწარმოე საქართველოშის", USAID-ის და ევროპული ორგანიზაცია ITC Ready to trade-ის მხარდაჭერა. რომ არა მათი დაფინანსება, ჩვენი რესურსით ვერ შევძლებდით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების ორგანიზებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებისთვის და ცნობადობის გაზრდისთვის უცხოურ ბაზარზე“, - ამბობს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები