მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კამექსი": განბაჟების ზღვრის 700 ლარამდე გაზრდით მომხმარებელთა რიცხვი მოიმატებს

627d34c55ad20
მარიამ ვარადაშვილი
12.05.22 21:15
1955
ონლაინ ვაჭრობაში ჩართული კომპანიების ნაწილი 300-ლარიანი ზღვრის 700 ლარამდე ზრდას ითხოვენ. მოქმედი კანონმდებლობით თუ გზავნილის ღირებულება 300 ლარს აჭარბებს, პირი ვალდებულია, საქონელი განაბაჟოს და გადაიხადოს განბაჟების ღირებულება, რაც გზავნილის/ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. გზავნილებზე 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დაწესდა.

კომპანია “კამექსის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი გიგა სეთურიძე BMG-ს ეუბნება, რომ საფასურის ზრდა სექტორს მომხმარებელს გაუზრდის და ბიუჯეტს შემოსავალიც გაეზრდება.

“ჩვენი მოთხოვნაა საბაჟო მოსაკრებლის ფასი 300-დან 700 ლარამდე გაიზარდოს. თუ 700 ლარი არ იქნება 500 ლარი მაინც იყოს. სხვა გადამზიდ კომპანიებთან ერთად პეტიციის შექმნას ვაპირებთ, ასევე შევაგროვებთ ხელმოწერებს, იმისთვის, რომ ჩვენი არგუმენტები უფრო გამყარებული იყოს. დოლართან მიმართებით ლარი გაუფასურდა, პროდუქციაზე ფასი გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის თანხა, რასაც მომხმარებელი გარკვეულ პროდუქციაში იხდიდა, მაგალითად, Amazon-ზე 90 დოლარს, ახლა მინიმუმ 100 დოლარის გადახდა უწევს. ამიტომ, იგივე ზღვარის დატოვება მიზანშეწონილი არ არის”, - ამბობს გიგა სეთურიძე.

კითხვაზე რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას ონლაინ ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებზე, “კამექსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მომხმარებელს გაზრდის.

“ძალიან ბევრი მომხმარებელი ცდილობს 300-ლარიან ლიმიტს არ გადააჭარბოს და ისეთი პროდუქტი გამოწეროს, რისი განბაჟებაც არ მოუწევს. ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება და უფრო მეტ პროდუქციასაც გამოწერენ. ჩვენი სტატისტიკიდან გამომდინარე, ხალხი ძვირად ღირებულ პროდუქციას სხვადასხვა პირებზე წერენ, იქნება ეს მეზობელი, მეგობარი და ა.შ. განბაჟებას ამით არიდებენ თავს. როგორც ვიცით, ამ საკითხში ჩვენი ოპონენტი ეკონომიკის სამინისტრო არის და ისინი ბლოკავენ ამ ცვლილებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც მათ აქვთ ბიუჯეტში თანხის შემცირებას ეხება. ვაპირებთ შევაგროვოთ სტატისტიკა, რომ ეს ასე არ არის და პირიქით, შეიძლება უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს სახელმწიფომ, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მომხმარებელთა რაოდენობა და ტვირთბრუნვა გაიზრდება, რაც თუნდაც ჩვენი მხრიდან გადასახადების გადახდას გამოიწვევს. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტს კანონპროექტით მიმართეს, სადაც განბაჟების საფასურის ზრდას ითხოვენ. კანონპროექტით, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში ნაცვლად 300-ლარიანი ლიმიტისა, რაც საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული, გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილი გათავისუფლდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ლიმიტის ზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის გაუფასურებით უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. რაც შეეხება ბიუჯეტის დაკარგულ შემოსავლებს, განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს.

კერძოდ, კანონპროექტი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმპორტის გადასახადის, არამედ დღგ-ს კუთხითაც, რომლის 81% სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 19% - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება. აქედან გამომდინარე, შესაბამისად კანონპროექტის გავლენა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზეც შემცირების კუთხით აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები