მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასიის ავტოიმპორტი" აფრიკასა და გაერთიანებულ საამიროებში შევიდა - მოლოდინები

62d55d02b6439
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.22 17:51
1442
Caucasus Auto Import-მა გასული წლის ბოლოდან ბიზნესის განვითარება რეგიონის ფარგლებს გარეთ დაიწყო და 2021 წლის ბოლოს ნიგერიის, ხოლო 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბაზარზე შევიდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი გიორგი სურგულაძე ამბობს, ნიგერია და დუბაი, რეგიონის ქვეყნების შემდეგ პირველი ბაზრებია, სადაც „კავკასუს ავტო იმპორტი“ შევიდა. ახალი ბაზრების ათვისების შედეგად კომპანიას უახლოეს მომავალში კომპანიის ბრუნვის გაორმაგების მოლოდინი აქვს.

„აფრიკა და არაბთან გაერთიანებული საამიროები ჩვენთვის ახალი ბაზრებია და დღეს ათვისების პროცესში ვართ - ოფისები გავხსენით, მანქანების შესყიდვები და მიწოდება დაწყებულია, თუმცა ჯერ განვითარების ეტაპზე ვართ. საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი გვყავს და წინასწარ გაწერილი გეგმით ხდება ადგილობრივი თანამშრომლების ამ ბაზრებზე განაწილება. ახალ ბაზრებზე შესვლით ველით, რომ ჩვენი ბრუნვა გაორმაგდება“, - ამბობს გიორგი სურგულაძე.

ის აღნიშნავს, რომ აფრიკის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი სეგმენტისა და ღირებულების მანქანებზეა, ხოლო დუბაის ბაზარი ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა და მოთხოვნა როგორც მაღალ, ასევე დაბალი სეგმენტის ავტომობილებზეა.

„ეს ბაზრები, სადაც „კავკასუს ავტოიმპორტი“ განვითარება დაიწყო, საქართველოს მსგავსად შესაბამისი რეგიონების ჰაბებია. ნიგერია დიდი ბაზარია და აფრიკის რეგიონს ფარავს. დუბაის ბაზარიც რეგიონისთვის ნომერ პირველი ჰაბია, საიდანაც ავტომობილები ლიბიაში, ლიბანში, ერაყში და სხვა ქვეყნებში გადის. აფრიკის რეგიონში, კერძოდ კი ნიგერიაში, საქართველოსთან შედარებით მოთხოვნა უფრო დაბალი სეგმენტის მანქანებზეა როგორც წლოვანების ასევე ღირებულების მიხედვით, დუბაის ბაზარი კი ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა და მოთხოვნად მაღალ და დაბალ სეგმენტებზეა“, - ამბობს „კავკასუს ავტო იმპორტის“ დირექტორი.

გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ავტოინდუსტრიის სულ ხუთი დიდი ჰაბი არსებობს - გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, აფრიკის, ბალტიისპირა ქვეყნების - ფინეთის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მომარაგებას უზრუნველყოფს და ლათინური ამერიკის ჰაბი გვატემალაში. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აფრიკისა და გაერთიანებული საამიროების ათვისების შემდეგ, „კავკასუს ავტო იმპორტის“ სტრატეგიის ნაწილი ლათინური ამერიკის ბაზარზე შესვლაა.

ცნობისთვის, როგორც გიორგი სურგულაძემ გადაცემა "კონცეპტში" სტუმრობისას განაცხადა, „კავკასიის ავტოიმპორტის“ ბრუნვამ შარშან ₾1 მილიარდს მიაღწია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები