“კაუკასუს აუტოში” (Caucasus Auto) აცხადებენ, რომ განბაჟების გაძვირება მათ გაყიდვებზე აისახა, თუმცა არა დრამატულად. როგორც BM.GE-ს ავტოიმპორტიორი კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, გიორგი სურგულაძემ განუცხადა, ცვლილებას შედარებით დიდი ნეგატიური გავლენა მცირე მოთამაშეებზე ჰქონდა.
საქმე ისაა, რომ 1 აპრილიდან ავტომობილების აქციზი გაიზარდა და განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია ძველ ტარიფზე.
"ამ კანონმა იმოქმედა ბაზარზე, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ უფრო დააზარალა შედარებით წვრილი კომპანიები, ვინც, ასე ვთქვათ, იაფი ავტომობილების სეგმენტზე იყვნენ ორიენტირებულები. ჩვენც გვაქვს რაღაც კლება, მაგრამ არა კატასტროფული და დრამატული",- ამბობს გიორგი სურგულაძე.
BM.GE ასევე დაინტერესდა გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით სექტორში არსებული გამოწვევებით. გიორგი სურგულაძის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეფერხებების შემდეგ, ამჟამად გარკვეული აღდგენა შეიმჩნევა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, რომელიც Caucasus Auto-ს ერთ-ერთი საოპერაციო ბაზარია.
"ტრანსპორტირების ნაწილი ძალიან დრამატულად გაძვირებული არ არის. საწვავის ფასის მატებამ რაღაც გავლენა იქონია ტრანსპორტირების ფასზე, თუმცა ისეთი, რომ ასე ვთქვათ ბიზნესის შერყევები გამოიწვიოს, არა.
ჩვენ ემირატების ბაზარზეც ვარ წარმოდგენილები და ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ თავისი გავლენა იქონია იმ ბაზარზე, რა თქმა უნდა. ახლა თითქოს ვაჭრობის აღდგენის პროცესი არის დაწყებული და ვნახოთ, მე მგონი, კარგი პერსპექტივები ჩანს",- აღნიშნა გიორგი სურგულაძემ.
ცნობისთვის, “კაუკასუს აუტო" 2004 წელს დაარსდა და ბაზარზე “კაუკასუს აუტო იმპორტის” სახელით იყო ცნობილი, გასულ წელს კი კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და “კაუკასუს აუტოს” სახელით პოზიციონირებს. კომპანია წარმოდგენილია: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
"გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ვგეგმავთ" - Caucasus Auto























