“კაუკასუს აუტო” - ამიერიდან ასე პოზიციონირებს ავტოიმპორტის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანია, რომელსაც, მომხმარებელი 20 წელზე მეტია “კაუკასუს აუტო იმპორტის” სახელით იცნობს. მრავალწლიანი გამოცდილების, ექსკლუზიური პარტნიორებისა და ევროპისა და აზიის მასშტაბით მილიონზე მეტი ავტომობილის იმპორტის შემდეგ, კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და მომხმარებლის წინაშე განახლებული დიზაინით, თუმცა უცვლელი ხარისხით წარდგა.
განვლილ 20 წელზე, კომპანიის რებრენდინგსა და სამომავლო ხედვებზე, ასევე ავტოინდუსტრიის ტენდენციებზე "კაუკასუს აუტოს" მმართველმა დირექტორმა - გიორგი სურგულაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით გულაშვილმა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა – ტატო ნორაკიძემ ისაუბრეს.
თუ როგორ მოვიდა ბრენდი აქამდე და შეინარჩუნა ავტოიმპორტში ლიდერი კომპანიის რეპუტაცია 20 წლის განმავლობაში, “კაუკასუს აუტოს” მმართველი დირექტორი, გიორგი სურგულაძე გვიყვება.

- “კაუკასუს აუტო” ბაზარზე 20 წელზე მეტია ოპერირებს - როგორ შეიქმნა კომპანია და რა იყო მაშინდელი ხედვა?
კომპანიის შექმნის იდეა 20 წლის წინ ამერიკაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს გაუჩნდა. იმ დროს, საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა უცხოეთიდან ფუფუნებად და ძალიან ძვირ სიამოვნებად ითვლებოდა. ბაზრის კვლევის შედეგად კი მათ დაინახეს, რომ ეს პროცესი არც ისეთი რთული და მიუწვდომელი იყო, როგორც ბევრს ეგონა. საჭირო იყო მხოლოდ გამჭვირვალე სისტემა და სწორი პარტნიორები.
დაიწყეს ბიზნეს მოდელზე მუშაობა, შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და პოტენციურ მომხმარებლებს იდეა მცირე პრეზენტაციით გააცნეს. იმ დღიდან დაიწყო „კაუკასუს აუტო იმპორტის“ ისტორია.
- თქვენი შეფასებით, რა იყო ის გარდამტეხი მომენტები, სერვისები თუ გამოცდილება, რამაც “კაუკასუს აუტო იმპორტის” სტაბილურ ზრდას და ბაზარზე ფეხის მოკიდებას შეუწყო ხელი?
გარდამტეხი მომენტები ბევრია, მაგრამ მთავარი იყო მომხმარებლის მხრიდან მზარდი ნდობა, სანდოობის შენარჩუნება ყველა ეტაპზე და გამჭვირვალე პროცესების დანერგვა, რომელიც მაშინ ახალი სტანდარტი გახდა.
- როგორ შეიცვალა საქართველოს ავტოინდუსტრია კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე და რამდენად მარტივი იყო ამ ცვლილებებზე ადაპტირება?
დღეს ავტოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა, მრავალი ძლიერი მოთამაშით როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. ჩვენ კონკურენციას დადებითად ვუყურებთ. ეს ინდუსტრიის ზრდის და განვითარების ნიშანია, რაც მთლიანად ბაზარს აძლიერებს.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც კომპანიის რეპუტაციისა და გამძლეობის განმტკიცებას შეუწყო ხელი?
ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ამ ბიზნესში სანდოობა და გამჭვირვალობა ყველაზე დიდ ღირებულებად იქცა. მომხმარებელი გირჩევს იმიტომ, რომ იცის შენ შეძლებ პრობლემის გადაჭრას, დროულ მიწოდებას, ხარისხის დაცვას და მისი ნდობის გამართლებას.
დღეს ვამაყობთ იმით, რომ გვყავს პარტნიორები, რომლებიც უკვე ორი ათწლეულია ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენც იმავე ერთგულებით ვართ მათ გვერდით.
“კაუკასუს აუტოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გულაშვილმა ქართული ავტოინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს ინდუსტრიის მოთამაშეები დგანან.
- როგორ აფასებთ საქართველოს ავტოინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობას - როგორია მოთხოვნა, მომხმარებლის ქცევა და ფასების დინამიკა?
ბოლო წლებში საქართველოს ავტოინდუსტრია დინამიკურად განვითარდა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად იქცა. მოთხოვნა სტაბილურად მაღალია როგორც შიდა, ასევე ექსპორტის ბაზრებზე. დროთა განმავლობაში საქართველო ავტოიმპორტის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო ასწია მომხმარებლების მოთხოვნები და თამასა. ისინი დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებულები არიან - ყურადღებას აქცევენ ავტომობილის წარმომავლობას, ტექნიკურ მდგომარეობასა და ტრანსპორტირების ვადებს. რაც შეეხება ფასების დინამიკას, მასზე გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის ლოგისტიკური ხარჯები და საერთაშორისო ვალუტების კურსი. მიუხედავად გლობალური ცვლილებებისა, ბაზარი განაგრძობს სტაბილურ ზრდას და ავლენს მნიშვნელოვან პოტენციალს შემდგომი განვითარებისათვის.
- როგორ აისახება საერთაშორისო გეოპოლიტიკური მოვლენები, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის ხშირი ცვლილებები და სხვა გამოწვევები თქვენს ინდუსტრიასა და უშუალოდ “კაუკასუს აუტო იმპორტის” საქმიანობაზე?
დღევანდელი ბაზარი გამოირჩევა მაღალი კონკურენციით, სადაც ოპერირებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთამაშეები. ასეთ პირობებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მოითხოვს გამჭვირვალე ოპერაციებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომას. „კაუკასუს აუტო“ ამ მიმართულებით გამორჩეულ პოზიციას იკავებს - კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტიან ლოგისტიკურ ქსელს, ციფრულ სისტემებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ყველა ეტაპზე.
რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს კომპანია დგას? რამდენად აქვს თქვენს საქმიანობაზე გავლენა რეგულაციებთან თუ ლოგიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს?
დღეს სექტორი გლობალური გამოწვევების პირობებში ოპერირებს - ტრანსპორტირების ტარიფების მერყეობა, რეგულაციების ცვლილება და ლოგისტიკური შეფერხებები ბაზრის ყოველდღიური ნაწილია. მიუხედავად ამისა, „კაუკასუს აუტო“ წარმატებით ახერხებს ამ ფაქტორების ნეიტრალიზებას მოქნილი ოპერაციული სისტემებისა და მრავალმხრივი მიწოდების არხების მეშვეობით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროცესების ავტომატიზაციაზე და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თითოეულ მომხმარებელს მივაწოდოთ გამჭვირვალე, სტაბილური და მაღალი ხარისხის სერვისი.
20-წლიანი ოპერირება და თანამედროვე მომსახურების დანერგვა ციფრული რევოლუციისთვის ფეხის აწყობასაც ნიშნავს. როგორც “კაუკასუს აუტოს” ბიზნესის განვითარების დირექტორი, ტატო ნორაკიძე გვიყვება, კომპანიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაცია განიცადა და ამ მიმართულებას კვლავ ავითარებს.
- ციფრული ეპოქის დადგომასთან ერთად, როგორ ერგება “კაუკასუს აუტო” ტექნოლოგიურ ცვლილებებს და ონლაინ აუქციონის ცვალებად ტენდენციებს?
2024 წელს ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაცია, რომლის მიზანია ბაზრის ცვლილებებსა და ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებზე დროული, მოქნილი და პროგნოზირებადი რეაგირება.
ამ ტრანსფორმაციის საფუძველზე ავაგეთ თანამედროვე მიკროსერვისების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სისტემების მოქნილობას, გამძლეობას და მასშტაბირებადობას.
დავნერგეთ DevOps კულტურა და სრული ავტომატიზაცია (CI/CD), რაც გვაძლევს შესაძლებლობას სწრაფად, უსაფრთხოდ და უწყვეტად მივაწოდოთ მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალი.
მონაცემთა მართვის მიმართულებით შევქმენით ცენტრალიზებული მონაცემთა საცავი (Data Warehouse) პლატფორმა, რომელზეც დავაფუძნეთ მონაცემთა სტატისტიკური, ანალიტიკური და ქცევითი მოდელები. ამ მონაცემთა საფუძველზე ვითარდება ჩვენი AI და Machine Learning მოდელები, რომლებიც პროგნოზირებენ ფასების დინამიკას, მოთხოვნის ცვლილებებს, მომხმარებელთა ქცევის ანალიზს და ახდენენ რელევანტური სერვისების შეთავაზებას, რაც მომხმარებლის გამოცდილებას აქცევს უნიკალურ და პერსონალიზებულ პროცესად.
პროგრამული პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს Agile კულტურით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ სწრაფი, ადაპტირებადი, ბიზნესზე და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული.
მომხმარებელთან ურთიერთობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტრანზაქცია - ეს არის ციფრული გამოცდილება, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური ემოცია ერწყმის ერთმანეთს.
მალე ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ შეეხონ ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს - გამოიყენონ ჭკვიანი ასისტენტები, მიიღონ პერსონალიზებული შეთავაზებები და პროგნოზირებადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
„კაუკასუს აუტო“ არ არის უბრალოდ კომპანია, რომელიც ერგება ტექნოლოგიურ ცვლილებებს - ჩვენ ვქმნით მომავალს, სადაც ინოვაცია, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მოქნილობა და უსაფრთხოება ქმნის წარმატების ახალ სტანდარტებს.
- როგორც ცნობილია, კომპანია რებრენდინგისთვის ემზადება - რა გახდა ამ ცვლილების მამოტივირებელი და რა გზავნილის გაჟღერება გსურთ ახალი ბრენდინგით?
20 წლის განმავლობაში კომპანია ერთი და იგივე ვიზუალურ იდენტობას ირგებდა, თუმცა ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შევიცვალეთ: მასშტაბით, პროდუქტებითა და მომხმარებლის საჭიროებებითაც.
2024 წლის ოქტომბერში დავიწყეთ რებრენდინგზე მუშაობა, პირველ რიგში იმისთვის, რომ ბრენდის საკუთარ თავთან შესაბამისობაში მოსულიყო.
დავიწყეთ ღირებულებებისა და მახასიათებლების სწორად ფორმულირებით. რაც აქამდე მხოლოდ ჩვენს კულტურაში არსებობდა, ახლა ერთიან სტრუქტურად ვაქციეთ. ახალი ვიზუალური იდენტობა შთაგონებულია მოძრაობით, პროგრესით და განვითარებით.
ჩვენ არ ვცვლით ბრენდის არსს. უბრალოდ ვაძლევთ თანამედროვე ფორმას იმ ენერგიას, რაც კომპანიას ყოველთვის ჰქონდა.
მთავარი გზავნილია: ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავაგრძელებთ მათი გამოცდილების გაუმჯობესებას ყოველ ნაბიჯზე, ვაძლევთ მათ არჩევანის შესაძლებლობას.
სახელდების ცვლილებაც ამ პროცესის ნაწილია. გავამარტივეთ და მოვერგეთ იმას, რასაც ჩვენს მომხმარებლებისგან ყველაზე ხშირად გაიგებთ - „კაუკასუს აუტო“ - ეს არის ჩვენი ბრენდის ახალი, გამარტივებული და თანამედროვე სახელი.
- რა ტიპის ინოვაციებს, სერვისებსა და პარტნიორობას უნდა ელოდოს მომხმარებელი კომპანიის ამ ახალ ეტაპზე?
პირველ რიგში, ვაგრძელებთ ციფრულ ტრანსფორმაციას.მომდევნო პერიოდში მომხმარებელი იხილავს განახლებულ პლატფორმას და სერვისებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევიდან ტრანსპორტირებამდე მთელ პროცესს გაამარტივებს.
მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორობების გაფართოება. გეგმაში გვაქვს თანამშრომლობა ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებლებს მეტი არჩევანი, მოქნილობა და სერვისის ხარისხი შევთავაზოთ.
ასევე, ვიმუშავებთ მომსახურების კიდევ უფრო მეტ პერსონალიზაციაზე, რაც მოიაზრებს მეტ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და რეალურ დროში კომუნიკაციას მომხმარებელთან.
ჩვენი მიზანია, ავტოიმპორტის პროცესის ყოველი ნაბიჯი გახდეს მარტივი, პროგნოზირებადი და მომხმარებელზე მორგებული. ეს ახალი ეტაპი ზუსტად იმისკენაა მიმართული, რომ შევქმნათ გამოცდილება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილის შეძენა.
“კაუკასუს აუტოს” გრძელვადიანი ხედვა BM.GE-სთან დავით გულაშვილმა შეაჯამა. როგორც ირკვევა, კომპანიის მიზანი ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ექსპანსია და სექტორის მნიშვნელოვნად განვითარებაა.
- როგორ ხედავთ “კაუკასუს აუტოს” როლს საქართველოს ავტოინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებაში და რა სიახლეებს სთავაზობთ სექტორს?
"კაუკასუს აუტოს“ გრძელვადიანი ხედვაა საქართველოს ავტოინდუსტრიის გაძლიერება და ქვეყნის პოზიციონირება, როგორც რეგიონის წამყვანი ავტო-ლოგისტიკური ჰაბის. ჩვენ მიზნად გვაქვს არა მხოლოდ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ რეგიონალური ექსპანსია — კომპანიის ოპერაციების გაფართოება საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სადაც მაღალი მოთხოვნა არსებობს ხარისხიან და გამჭვირვალე სერვისებზე.
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ინოვაციური ციფრული პლატფორმების დანერგვაზე, რომლებიც მომხმარებლებს რეალურ დროში აძლევს შესაძლებლობას აკონტროლონ მთელი ტრანსპორტირების პროცესი. ჩვენი მისიაა სექტორის განვითარება თანამედროვე სტანდარტებით, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საქართველოს ავტოინდუსტრიის საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერება.




























