მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კესანე" - George Grey Winery-მ ცისფერი ღვინო შექმნა

6059f96b13695
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 09:45
13778
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია George Grey Winery-მ ღვინის სრულიად ახალი სახეობა - ცისფერი ღვინო „კესანე“ შექმნა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მარტის დასაწყისში გამოჩნდა.

BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე განმარტავს, რომ კომპანია სიახლეების მუდმივ ძიებაშია, ახალი პროდუქტი კი სწორედ ამის შედეგია.

„პირველები ვართ, ვინც საქართველოში ცისფერი ღვინო შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სასმელი ახალია, მის მიმართ მომხმარებლების ინტერესი უკვე საკმაოდ დიდია“, - აღნიშნავს “George Grey Winery”-ის თანადამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, „კესანეს“ შექმნისა და წარმოების იდეა მათ ერთ-ერთ პარტნიორს, თათა საურს გაუჩნდა. ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცედურებისა და დაუღალავი შრომის შედეგად კი კომპანიამ იდეის სისრულეში მოსაყვანად 75 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„კესანეს“ საინტერესო ისტორია აქვს, იდეის ავტორი და კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი თათა საური დედასთან ერთად, მსგავსი ღვინისა და შეფერილობის ბუნებრივად მისაღებად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. შესაბამისად, კომპანიის ფინანსური რესურსისა და მეღვინე ტექნოლოგის ცოდნის კოლაბორაციით სრულად განსხვავებული ღვინო შეიქმნა. ინსპირაციის წყარო იდეის ავტორისთვის ლურჯი ფერის ყვავილი კესანე გახდა. როგორც სახელწოდება, ასევე სასმელის ღია ცისფერი ტონი ზუსტად ამ ყვავილის სახელიდან მომდინარეობს, ღვინის დიზაინი კი, შესაბამისად, ამ კონცეფციით აიგო. თავიდან ახალი ხაზი, სახელწოდებით „კესანე“ ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა, რადგან იდეის ავტორები ფიქრობდნენ, რომ უფროსი თაობა ღვინის ასეთი სახესხვაობების მიმართ უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა ამ მოკლე დროში აღმოჩნდა, რომ ცისფერი ღვინო ყველა თაობის მომხმარებელში დიდ ინტერესს იწვევს.

ღვინო გაყიდვაში მარტის პირველ რიცხვებში ჩაეშვა და ამ ეტაპზე ის მცირე რაოდენობით - 10 000 ბოთლამდე იწარმოება. დღეისთვის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვაკვირდებით, რის შემდეგაც წარმოების გაფართოებაზე ვიმსჯელებთ“, - გვიყვება გიორგი რუხაძე.

კომპანია George Grey Winery-ს პირველ ეტაპზე ახალი პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია აქვს გადაწყვეტილი. დღეისთვის „კესანეს“ ცისფერი ალკოჰოლური სასმელის ყიდვა „8000 მოსავალში“ შეიძლება, თუმცა გიორგი რუხაძის თქმით, უკვე რამდენიმე დღეში ეს სასმელი „ალკორიუმის“ ქსელსა და „აგროჰაბშიც“ გამოჩნდება. რაც შეეხება ღირებულებას, მისი ფასი 45-49 ლარის ფარგლებში იქნება.

კომპანიის თანადამფუძნებელი BM.GE-ის ახალი ღვინის შექმნის დეტალებსაც უზიარებს და ამბობს, რომ „კესანეს“ ღვინის ფერის, ღია ცისფრის შექმნისა და პროდუქტის სრულყოფის მიზნით, პროცესში ევროპელი ტექნოლოგებიც იყვნენ ჩართულები.

„ახალი ღვინო რქაწითელის ყურძნისგან ევროპული ტექნოლოგითაა დაყენებული, რომელსაც შავი ყურძნის კანში არსებული ცისფერი პიგმენტი ემატება, რაც ღვინოს გამორჩეულ ფერსა და გემოს აძლევს. ასევე გამოყენებული გვაქვს ნატურალური არომატები, სხვადსხვა ხილის ტონები. შესაბამისად, ღვინო „კესანე“ სრულად ჩვენი კომპანიის მიერაა შექმნილი“, - განმარტა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები