ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს. მინისტრს იმედი აქვს, რომ ამ დროისთვის გლობალური ეკონომიკა რეცესიის გადალახვის პირველ ნიშნებს გამოავლენს. თუმცა როგორც ის ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ამავე წელს ყველა პრობლემა დასრულდება.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ასუბსიდირებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს გრძელვადიანად, თუკი დარწმუნებულია, რომ 2021-ში ეკონომიკა გაიზრდება.
„როცა ვსაუბრობთ ბიზნეს პროექტებზე, ისინი გათვლილია რამდენიმე წელიწადზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს. იგივე იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, ეს არ არის სამი, ოთხი ან 12 თვის ამოცანა. ამისთვის ჩვენ მოგვიწევს მეტად ზრუნვა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროგრამები არ არის ერთჯერადი ხასიათის, ისინი არის სულ მცირე, საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. როდესაც ჩვენ 5 წლის შემდეგ დავინახავთ, რომ ეკონომიკა იმდენად მდგრადია მსოფლიოში, რეგიონში, რომ ჩვენთან არსებულ ინვესტორებს არ დასჭირდებათ საქართველოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ შევამცირებთ ამ მოცულობებს, მაგრამ მანამდე ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვერდში დავუდგებით ყველას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.