დღეს მოძრაობა #სოცაფეთქების ორგანიზატორები მთავრობის კანცელარიასთან "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავენ. აქცია 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, დღეს არსებული შეზღუდვის - „კომენდანტის საათის“ გამო, პოტენციური ტურისტები საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ.
„ჩვენ მოვისმინეთ ამირან გამყრელიძის განცხადება, რომ "კომენდანტის საათის" საკითხს საკოორდინაციო საბჭო თვის ბოლომდე განიხილავს. რეალურად, როდესაც ვიწყებთ ხმაურს, მათი რეაქციაც არ აყოვნებს, თუმცა ე.წ. კომენდანტის საათის 22:00 საათამდე გადაწევა საკმარისი არ იქნება. ეს შეზღუდვა საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ასეთ პირობებში ტურიზმი ვერ მუშაობს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში მოგზაურობის სურვილზე არაერთ შეტყობინებას ვიღებთ. პირადად მქონდა კომუნიკაცია საფრანგეთთან, პოლონეთთან, ლუქსემბურგთან, ლატვიასთან, რუსეთთან და ყაზახეთთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ "კომენდანტის საათის" გამო თავს იკავებენ", - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.
ცნობისთვის: #სოცაფეთქების მიერ ორგანიზებული აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.