მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომერციულ ბანკებთან მიმართებით წამგებიან პოზიციაში ვიქნებით" - რა შენიშვნა აქვს სექტორს მიკრო ბანკების კანონპროექტზე?

62cd2663dcf58
თათია ჩაფიჩაძე
12.07.22 21:50
835
მიკრო ბანკების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მთავრობამ მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, მიკრო ბანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. ამავე პირობების თანახმად, 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას გაუჩენს. კანონპროექტის მიხედვით მიკრო ბანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ, რაც მეწარმეების გადინების რაოდენობას შეამცირებს.

თუმცა შენიშვნა, რომელიც კანონპროექტის ბოლო რედაქციასთან მისო-ებს აქვთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მიცემის შესაძლებლობაა. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მიკრო ბანკებს დაკრედიტება მხოლოდ ლარში შეეძლებათ, რაც „ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელის შეფასებით, ბანკებთან კონკურენციაში შესვლას და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ხელს შეუშლის.

„რამდენად კონკურენტულები ვიქნებით ეს დამოკიდებულია იმ ჩასწორებაზე, რაც შეიტანა ფინანსთა სამინისტრომ. ჩასწორების მიხედვით მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს დაკრედიტება. ეს კანონპროექტის მთავარ ნაწილს, რომ გაზრდილიყო კონკურენცია და საბოლოოდ მსესხებლებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში ასახულიყო, ალბათ ხელს შეუშლის, რადგან თუ მხოლოდ ლარში შეგვეძლება დაკრედიტება, კომერციულ ბანკებთან მიმართებით წამგებიან პოზიციაში ვიქნებით. ჩვენთვის ლარის წარმოშობის წყარო არის კომერციულ ბანკებთან ე.წ. ფორვარდული გარიგებები, ანუ გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, ჩვენ ვაწვდით ბანკებს იმ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებს, რასაც გვაძლევენ საერთაშორისო პარტნიორები და მათგან ვყიდულობთ ლარს. ლარის ყიდვა მოიაზრება გარკვეული მარჟით, რაც კომერციულ ბანკს უღირს, სხვადასხვა მიკროსაფინანსოს კი სხვადასხვა ღირებულებით მოგვეწოდება, გააჩნია რისკიანობას და ა.შ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ 3%-ით უფრო ძვირად მოგვეწოდება ვიდრე კომერციულ ბანკს.

აქამდე მცირე დიაპაზონში ვახერხებთ კონკურენციის გაწევას, მაგრამ როცა მლნ ლარზეა საუბარი, დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ მიკრო ბანკების სტატუსის მოპოვებას ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გეგმავს, მათ შორის "ემ ბი სი", "კრისტალი" და "ლაზიკა". მას შემდეგ რაც კანონპროექტი კანონად იქცევა საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრო ბანკებისთვის რეგულაციების პაკეტს შეიმუშავებს, რისთვისაც 6-თვიანი პერიოდია განსაზღვრული. საქართველოს საფინანსო ბაზარზე მიკრო ბანკები, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულიდან გაჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები